კალათბურთი

15:50 | 22.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "რაც სერბეთთან მოხდა, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, "პირველი არხის" ეთერში ისაუბრა და თბილისში გამართული ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევი ეტაპი შეაფასა.

როგორც ბერძენმა სპეციალისტმა განაცხადა, სერბეთთან მისი გუნდი ადვილად დანებდა, რაც მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ზუროსის განცხადებით, კლუბში და ნაკრებში მუშაობა ძალიან განსხვავებულია, რადგან სანაკრებო დოენზე გუნდის მოსამზადებლად საკმარისი დრო არასდროს არის.

„პირველ რიგში, მინდა ავუხსნა ხალხს განსხვავება გუნდსა და ეროვნულ ნაკრებს შორის. ეროვნულ ნაკრებში, სამწუხაროდ, არ გვაქვს საკმარისი დრო, რომ ვიმუშაოთ მოთამაშეებთან. ჩვენ უნდა მოვაგროვოთ სხვადასხვა ლიგებიდან კალათბურთელები, საიდანაც რომელიმე შეიძლება იყოს კარგ ფორმაში ან ჰქონდეს ტრავმა. რამდენიმე წლის წინ, როცა ვამზადებდით ჩვენს გუნდს ევრობასკეტისთვის, ჩვენ გვქონდა დრო 1 თვე, რომ მოთამაშეები მზად ყოფილიყვნენ ტურნირისათვის და ჰქონოდათ იმის ძალა, რომ ეთამაშათ მაღალ დონეზე. ამ ეტაპზე ეს ძალიან რთულია, განსაკუთრებით ჩვენთვის, რადგან ამის დრო არ გვქონდა.

ვცდილობდით გამოგვეყენებინა ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეები და კარგად სათამაშოდ სპეციალური ტაქტიკა შეგვემუშავებინა. მასპინძლები ვართ და უნდა ვითამაშოთ მაღალ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სიტუაცია იყო, საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ, რადგან დიდი ძალისხმევა გავიღეთ და ჩვენი მაქსიმუმი ჩავდეთ ამ თამაშებისათვის. კარგი შედეგი დავდეთ და ამავდროულად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ და ახალი უნარები შევძინოთ ახალგაზრდა კალათბურთელებს.

სერბეთთან თამაშის კმაყოფილი არ ვარ. გვყავს ახალი მოთამაშე, რომელმაც ტრავმა მიიღო და მხოლოდ 18 წუთი ითამაშა. ის არ იცნობდა კარგად ჩვენს გუნდს და ტაქტიკას. ძალიან რთულია ასეთი დონის ნაკრებთან თამაში და სერბეთისთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ მატჩს. თამაშის დასასრულს, განსხვავება შესამჩნევი იყო, რადგან ჩვენ მოვდუნდით და დავნებდით, რაც მე არ მომეწონა. მე არ ვამბობ, რომ ცუდია ეს წაგება, მაგრამ დანებება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია", - ციტირების "პირველი არხის" ვებგვერდი ზუროსის სიტყვებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა E ჯგუფში ასპარეზობა 4 გამარჯვებით და 2 მარცხით მეორე ადგილზე დაასრულა. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ილიას ზუროსის გუნდს ისედაც მოპოვებული ჰქონდა, როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთ მასპინძელს. ჩვენს გარდა, ჯგუფიდან სერბეთისა და ფინეთის ნაკრებებიც გავიდნენ.

0.105296