ძიუდოში თელ-ავივის გრან სლემი გრძელდება, რომლის დასკვნითი საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის შესანიშნავად მიმდინარეობს. ტატმაზე 6 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და ექვსივე ფინალურ ბლოკამდე მივიდა.
100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ილია სულამანიძე და ონისე სანებლიძე დაუპირისპირდნენ. ქართული დუელი სულამანიძემ იპონით მოიგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
100 კგ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძემ ჯერ სერბი ალექსანდრ კუკოლი დაამარცხა, მერე აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს აჯობა და მესამე შეხვედრაში ისევ აზერბაიჯანელ მეტოქეს, ამჯერად ზელიმ კოცოიევს სძლია, ნახევარფინალში კი ონისე ებრაელ პეტერ პალტჩიკთან მარცხი განიცადა. რაც შეეხება ილია სულამანიძეს, მან გრან სლემი ბულგარელი დანიელ დიჩიევის ძლევით დაიწყო, რასაც სერბ ბოიან დოსენთან გამარჯვება მოჰყვა, ხოლო შემდეგ ნიდერლანდელ მიხაელ კორელთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ბელარუსი მიკიტა სვირდი დაამარცხა და ასე მოიპოვა ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის უფლება.
მანამდე დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი გავიდა ტატამზე - ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური, ერთმა ოქროს მედალი მოიგო, მეორემ ბრინჯაო. ლაშა პირველი წრისგან თავისუფალი იყო, შემდეგ კი მასპინძელ ბენ ტენენბაუმს მოუგო, მერე გერმანელი ტიმ შმიდტი დაამარცხა, მესამე შეხვედრაში იტალიელი ნიკოლას მუნგაის ბარიერი დაძლია, ნახევარფინალში კი სლოვაკი მილან რანდლისაც მოუგო. ფინალში ბექაური ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველ ძუდოისტ, ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაუპირისპირდა, რომელსაც რამდენიმე წამში ვაზარი აართვა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, შედეგად, ოქროს მედალს დაეუფლა, რომელიც საქართველოსთვის თელ-ავივში პირველი გამოდგა.
ღვინიაშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ხოლო მეორე წრეში ყირგიზ ერლან შეროვს მოუგი, რასაც ბრიტანელ მაქს სტიუარტთან გამარჯვება მოჰყვა. მესამე შეხვედრა ქართველმა სლოვაკ მილან რანდლთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც იტალიელ ნიკოლას მუნგაის სძლია, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ მამადლი მეჰდიევს დაუპირისპირდა, რომელსაც შანსი არ დაუტოვა და ძალიან სწრაფად იპონით აჯობა, შედეგად ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
შეგახსენებთ, დღეს +100 კგ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი ფინალში იჭიდავებს რუსი თამერლან ბაშაევის წინააღმდეგ, ხოლო გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბელარუს ალიაქსანდრ ვახავიაკს გაეჯიბრება.
წინა ორ საშეჯიბრო დღეს თემურ ნოზაძემ (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.