ძიუდოში თელ-ავივის გრან სლემი გრძელდება, რომლის დასკვნითი საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის შესანიშნავად მიმდინარეობს. ტატმაზე 6 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და ექვსივე ფინალურ ბლოკამდე მივიდა, თუმცა ჩვენი მაქსიმუმი მხოლოდ 5 მედალი იქნება, რადგან ერთი მედლისთვის ქართველები ერთმანეთს ხვდებიან.
იქამდე, 90 კგ წონით კატეგორიაში უკვე დასრულდა შეჯიბრი და საქართველოს ყულაბა ორი მედლით შეივსო - ოქრო და ბრინჯაო! ოქროს მედალს ლაშა ბექაური დაეუფლა, რომელმაც ფინალში ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა, ხოლო ბრინჯაო ბექა ღვინიაშვილმა მოიპოვა.
90 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი გავიდა ტატამზე - ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური. ლაშა პირველი წრისგან თავისუფალი იყო, შემდეგ კი მასპინძელ ბენ ტენენბაუმს მოუგო, მერე გერმანელი ტიმ შმიდტი დაამარცხა, მესამე შეხვედრაში იტალიელი ნიკოლას მუნგაის ბარიერი დაძლია, ნახევარფინალში კი სლოვაკი მილან რანდლისაც მოუგო. ფინალში ბექაური ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველ ძუდოისტ, ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაუპირისპირდა, რომელსაც რამდენიმე წამში ვაზარი აართვა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, შედეგად, ოქროს მედალს დაეუფლა, რომელიც საქართველოსთვის თელ-ავივში პირველი გამოდგა.
ღვინიაშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ხოლო მეორე წრეში ყირგიზ ერლან შეროვს მოუგი, რასაც ბრიტანელ მაქს სტიუარტთან გამარჯვება მოჰყვა. მესამე შეხვედრა ქართველმა სლოვაკ მილან რანდლთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც იტალიელ ნიკოლას მუნგაის სძლია, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ მამადლი მეჰდიევს დაუპირისპირდა, რომელსაც შანსი არ დაუტოვა და ძალიან სწრაფად იპონით აჯობა, შედეგად ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
შეგახსენებთ, დღეს 100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს შეხვდებიან ონისე სანებლიძე და ილია სულამანიძე, ხოლო +100 კგ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი ფინალში იჭიდავებს რუსი თამერლან ბაშაევის წინააღმდეგ, ხოლო გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბელარუს ალიაქსანდრ ვახავიაკს გაეჯიბრება.
წინა ორ საშეჯიბრო დღეს თემურ ნოზაძემ (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.