ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი მაურო ბელუჯი, რომელიც 70-იან წლებში სამშობლოში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბელუჯი ბოლო დროს ჯანმრთელების პრობლემებს უჩიოდა, გასული წლის 4 ნოემბერს საავადმყოფოშიც მოათავსეს, მომდევნო კვირებში მისი მდგომარეობა გაუარესდა და ყველაფერი იმ დონემდე მივიდა, რომ ფეხის ორმაგი ამპუტაცია გახდა საჭირო.
ამას ისიც დაემატა, რომ ბელუჯი კორონავირუსით დაინფიცირდა და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება გამწვავდა. შედეგად, დღეს მილანში გარდაიცვალა.
მაურო ბელუჯი „ინტერის“ (1969-1974), „ბოლონიას“ (1974-1979), „ნაპოლისა“ (1979-1980) და „პისტოიეზეს“ (1980-1981) იცავდა, ხოლო იტალიის ნაკრებში 1972-1980 წლებში 32-ჯერ ითამაშა. 1974 და 1978 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატზე „სკუადრა აძურას“ მაისურით ასპარეზობდა.