ფეხბურთი

16:27 | 18.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

საუკუნის შეცდომა

სექტემბრის ერთ პარასკევს ლეო მესი „ბარსელონას“ საწვრთნელი ბაზის გასახდელში შევიდა და აღმოაჩინა, რომ ექვსწლიანი ურთიერთობის შემდეგ, მისი თანაგუნდელი და საუკეთესო მეგობარი, ლუის სუარესი იქ აღარ იყო. ლეომ მაშინვე მისწერა: უცნაური იქნება სხვა გუნდის მაისურით შენი ხილვაო.

ლუისმა მერე თქვა: ლეოს გზავნილზე ცრემლები წამომივიდაო.

სუარესის მადრიდული დებიუტი „გრანადას“ წინააღმდეგ შედგა, პრიმერას მესამე ტურში, 27 სექტემბერს. ურუგვაელი მინდორზე 70-ე წუთზე გამოჩნდა და 90 წამში საგოლე გადაცემა შეასრულა. ბოლოსკენ კი ორი ბურთიც გაიტანა.

დღეისათვის 17 მატჩში მან 16-ჯერ გამოიჩინა თავი და პრიმერას ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას. ერთი გოლით უსწრებს მესის. დათვალეს და აღმოჩნდა, რომ ყოველ 82 წუთში გააქვს გოლი. 16 ბურთი უკვე იმაზე მეტია, ვიდრე „ატლეტიკოს“ რომელიმე ფეხბურთელს გაეტანა გასულ სეზონში. ასეთი დასაწყისი ამ საუკუნეში კლუბის არცერთ ახალწვეულს ჰქონია.

უფასო ტრანსფერის გათვალისწინებით ცუდი არ არის, არა?

„ვერ გამიგია, როგორ გაუშვა „ბარსელონამ“ - თქვა „გრანადასთან“ მატჩის შემდეგ დიეგო კოშტამ და ყოველი კვირის თავზე კოშტას სიტყვებს სულ უფრო მეტი ადამიანი ეთანხმება.

„ბარსელონამ“ დიდი შეცდომა დაუშვა. ფეხბურთის სულ არაფერი რომ გაგეგებოდეთ, ამას მაინც მიხვდებით.“ - ამბობს ლუისის თანამემამულე დიეგო ფორლანი.

„ის არაჩვეულებრივი თავდამსხმელია. მიეცით ნახევარი შანსი და მაინც გაიტანს. დაუჯერებელია, როგორ გაუშვა „ბარსელონამ“ ასეთი #9“ - ეს ლუისის თანაგუნდელის, ანხელ კორეას სიტყვებია.

სუარესის წასვლა „ბარსელონას“ შეიძლება ტიტულის ფასად დაუჯდეს. ამჟამად ურუგვაელმა მეტი გაიტანა ვიდრე ბარსელონელებმა: გრიზმანმა, ფატიმ, დემბელემ, ბრაიტვაიტმა და ტრინკაუმ ერთად.

ჩვენმა ესპანელმა კოლეგებმა დავიდ ვილიას ისტორიაც გაიხსენეს. 2013 წელს ის „ბარსელონადან“ „ატლეტიკოში“ თავისუფალი აგნტის სტატუსით გადავიდა და იმ წელსვე გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

ახლა სუარესის გაშვებას ყველა რონალდ კუმანს აბრალებს, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. გასულ ზაფხულს კორონაპანდემიის მიზეზით კლუბში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. ამას პოლიტიკური წნეხიც დაერთო, „ბაიერნთან“ 2:8 მარცხის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ არსებულმა შემადგენლობამ ამოწურა თავი და ახალი სისხლი იყო საჭირო. ბევრი ახალგაზრდა და ახალი მწვრთნელი.

გადაწყვიტეს კლუბის ისტორიაში რიგით მესამე ბომბარდირის თავიდან მოშორება. მით უმეტეს, რომ ურუგვაელს საკმაოდ დიდი ანაზღაურება ჰქონდა და ესეც ტვირთად აწვებოდათ. მუხლის ტრავმამ მას ფაქტობრივად სეზონი ჩაუგდო - ყველა ტურნირში 36 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 21 ბურთი გაიტანა.

ცუდად მოქცნენ. არც პრეზიდენტს დაალაპარაკეს და მხლოდ ტელეფონით ერთწუთიანი საუბრით ამცნეს გუნდიდან გათავისუფლების შესახებ.

„გადაწყვეტილება კლუბმა მიიღო. ამიტომ მე ყველაზე ცუდი ბიჭი არ ვარ ამ ფილმში.“ - იტყვის შემდეგ კუმანი. ნიდერლანდელს ჯალათის როლი შეასრულებინეს და გუნდის გაახალგაზრდავება უბრძანეს.

სუარესი თავისუფალი აგენტი გახდა და დაიწყეს სხვა კლუბებმა რეკვა. პირველი „იუვენტუსი“ იყო. მერე ლუისს მეგობარი, „ატლეტიკოს“ სპორტული დირექტორი, ანდრეა ბერტა დაუკავშირდა და საქმეც გაიჩარხა. მადრიდელთა მწვრთნელი დიეგო სიმეონე სიხარულისგან მეშვიდე ცაზე იყო. თურმე დიდი ხნის განმავლობაში ნატრობდა ურუგვაელის საკუთარ გუნდში ხილვას: „შესანიშნავი, არაჩვეულებრივი, ძლიერი და აგრესიული თავდამსხმელი დავიმატეთ. საუკეთესო #9“ - განაცხადა სიმეონემ.

“აქ მაფასებენ და ამით ბედნიერი ვარ. ხალხს ეგონა, „ბარსელონაში“ თამაში და გოლების გატანა იოლია, რადგან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის მხარდამხარ ვირჯებოდი. ახლა კი მტკიცდება, რომ ელიტაში თამაში „ბარსელონას“ გარეშეც შემიძლია.“ - ამბობს სუარესი.

ამას წინებზე კუმანს ჰკითხეს, არის თუ არა სუარესის გაშვება ერთ-ერთი ყველზე დიდი შეცდომა „ბარსელონას“ ისტორიაში. ნიდერლანდელმა უპასუხა: მასზე მხოლოდ მაშინ მეკითხებით, როცა გოლი გააქვსო.

ასეა, ვისაც ურუგველის აღარ სჯეროდა, ყოველ კვირა უწევს მისი გვარის გაგონება.

0.117037