ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი სათამაშო დღის გმირი „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე გამოდგა, რომელმაც „კამპ ნოუზე“ „ბარსელონასთან“ (4:1) მოგებულ მატჩში ნამდვილი შოუ დადგა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. ნამატჩევს ფრანგმა შემტევმა კომენტარი გააკეთა.
„ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, აქ გამარჯვება გვინდოდა და ეს გავაკეთეთ, მაგრამ ჯერ არაფერი მოგვიგია. ყოველთვის მინდოდა პსჟ-ში ჩემი თავი მაქსიმალურად გამომევლინა. ეს არის მაისური, რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ყოველთვის წარმატებას ვერ ვაღწევდი და შეიძლება ცუდი თამაშებიც მქონია, მაგრამ არასდროს დავმალულვარ და შეცდომებს ვაღიარებდი.
მწვრთნელმა დიდი სამუშაო შეასრულა, თუმცა მან ტუხელის დაწყებული საქმე გააგრძელა, რომელმაც არაჩვეულებრივი სამუშაო დაიწყო. ჩვენ ახლა ფიზიკურად უკეთ ვართ და ჯერ ფორმის პიკში არ ვართ მიუხედავად იმისა, რომ ეს მატჩი ძალიან კარგი იყო. უნდა ვიმუშაოთ გასაუმჯობესებლად და ამ ტიპის მატჩების გამეორება შეგვიძლია“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, კილიან მბაპე ფაუსტინო ასპრილიასა და ანდრეი შევჩენკოს შემდეგ მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა. პსჟ „ბარსას“ 11 მარტს „პარკ დე პრენსზე“ დაუხვდება.