მედიაცენტრ მთავარში რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა პრესკონფერენცია გამართეს. ვეტერანმა მორაგბეებმა და მათ შორის ბობა კვინიხიძემ 18 თებერვალს, მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია დააანონსეს.
“იქნება ერთსაათიანი გამაფრთხილებელი აქცია, ჩვენ არც არასამთავრობოები ვართ და არც პოლიტიკოსები, ვართ სპორტსმენები, უფლებაშელახულები, გამწარებულები, არჩევნების წართმევა უნდათ ჩვენთვის, რომელსაც ჩვენ არ შევეგუებით.
“ახლა შეცვალეს ტაქტიკა, დადიან გუნდებთან და შანტაჟის მაგივრად ენატკბილი საუბრით. პირდაპირ ვიტყვი გუნდების მოსყიდვას ცდილობენ. იძახიან ისეთ კოლოსალურ თანხებს, რომელიც 12 წლის განმავლობაში თვით ივანიშვილსაც არ ჩაუდია“, - განაცხადა კვინიხიძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად 30 დეკემბერს აირჩიეს, თუმცა საჯარო რეესტრმა მისი კანდიდატურა არ დაარეგისტრირა. ხელახალი არჩევნები 24 თებერვლისთვის ჩაინიშნა, სადაც აბუსერიძე და მისი მომხრეები მისვლას და მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.