ჩოგბურთი

2:08 | 15.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

თიმი წაგების შემდეგ: მანქანა არ ვარ

ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ბადეს, მესამე ნომრად განთესილი ჩოგბურთელი, აშშ-ის ღიას ავსტრიელი ჩემპიონი დომინიკ თიმი გამოეთიშა. ის ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან სამ სეტში, 6-4 6-4 6-0 დამარცხდა. თიმმა მარცხი ფიზიკური მდგომარეობით ახსნა, რომელიც არ დაუკონკრეტებია.

თიმმა მესამე წრეში, დაძაბულ ხუთსეტიან პაექრობაში აჯობა ავსტრალიელ ნიკ კირგიოსს, ამჯერად კი თავისივე თავის აჩრდილს წარმოადგენდა და მეტოქეს მცირე წინააღმდეგობაც კი ვერ გაუწია. სამ სეტში მან 41 შეცდომის დაშვება მოასწრო.

„ცოტ-ცოტა ფიზიკური პრობლემების და აშკარად ჩემთვის ცუდი დღის კომბინაციამ, ჩემი ცუდი თამაში განაპირობა. ამას დაუმატეთ ის, რომ მეტოქედ შესანიშნავი ჩოგბურთელი მყავდა... ასეთი შედეგები ხდება ხოლმე. მანქანა არ ვარ. ხანდახან შეიძლება მინდა კიდეც, რომ ვიყო, მაგრამ ცუდი დღეებიც დგება. და როდესაც ასი პროცენტით მზად არ ხარ, ასეთ შედეგებსაც ღებულობ. დღეს სწორედ ეს მოხდა“, - განაცხადა თიმმა.

კირგიოსთან შეხვედრას თუ მაყურებელი ჰყავდა, ამჯერად შეხვედრას მხოლოდ რამდენიმე ოფიციალური პირი ესწრებოდა - ავსტრალიის ღიაზე ლოკდაუნის ხუთდღიანი პერიოდი დაიწყო. ოღონდ, თიმს თავისი წაგება ცარიელი ტრიბუნებისთვის არ დაუბრალებია.

პირველ ორ სეტს ერთნაირი დასაწყისი ჰქონდა - ორივეში თავიდან აშშ-ის ღიას ჩემპიონი 3-1 დაწინაურდა. მაგრამ მე-18 ნომრად განთესილმა დიმიტროვმა ორივეს შემობრუნება შეძლო და ერთნაირი ანგარიშით - 6-4 დაასრულა. მესამე სეტში კი ავსტრიელს ქულის აღებაც კი არ გამოუვიდა.

„შესაძლოა, მას გარკვეული პრობლემა ჰქონდა, არ ვიცი. მაგრამ მეც კარგად გავისარჯე, რათა ამ შედეგისთვის მიმეღწია. ის ექსტრაორდნრული მოთამაშეა და მიხარია, რომ მისი დამარცხება შევძელი“, - განაცხადა დიმიტროვმა, ვისაც როჯერ ფედერერის მსგავსი სათამაშო სტილის გამო, კარიერის დასაწყისში, „ბეიბი ფედს“ (პატარა ფედერერს) უწოდებდნენ.

29 წლის დიმიტროვმა ავსტრალიის ღიას 2017 წლის ნახევარფინალში, რაფაელ ნადალს ხუთსეტიანი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ დიდი სლემის ტურნირის ფინალში აქამდე არასდროს უთამაშია. ბულგარელი მებურნის ტურნირის მეოთხედფინალში მეოთხედ ითამაშებს.

0.153879