ქართველი თავდამსხმელი დავით სხირტლაძე დანიაში დაბრუნდა და კარიერას „ვიბორგში“ გააგრძელებს. 27 წლის შემტევმა დანიურ გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.
სხირტლაძე ბოლოს „დინამო თბილისში“ თამაშობდა და ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე მან პოლონურ „არკაში“, ლატვიურ „რიგაში“ და ტრნავას „სპარტაკში“ ითამაშა.
კარიერის უმეტესი ნაწილი კი სწორედ დანიაში აქვს გატარებული, სადაც „ორჰუსისა“ და „სილკებორგის“ წევრი იყო.
„ვიბორგი“ დანიის პირველ ლიგაში თამაშობს და 17 ტურის შემდეგ 41 ქულით ლიდერია, შესაბამისად, სუპერლიგაში გადასასვლელად აქტიურად იბრძვის.