„ალპინის“ (ყოფილი რენო) ფორმულა 1-ის გუნდის წევრს, ესპანელ ფერნანდო ალონსოს, ტრავმირებულ ყბაზე ოპერაცია გაუკეთეს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ველოსიპედით შვეიცარიაში ვარჯიშობდა, რა დროსაც ინციდენტი შეემთხვა და ყბის ტრავმა მიიღო.
39 წლის ალონსო ფორმულა 1-ს წელს უბრუნდება. ის ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა სერიის რბოლებში (მათ შორის ლე მანზე, ინდი 500-ზე და დაკარზე) გამოდიოდა და ორჯერ ლე მანის 24-საათიანი რბოლა მოიგო.
„ალპინის“ განცხადებით, ინციდენტის შემდეგ, დაწვრილებითი შემოწმებისას ექიმებმა ზედა ყბის ძვლის მოტეხილობა დაადგინეს და მის გასასწორებლად, ოპერაცია შეასრულეს. ოპერაციამ წარმტებით ჩაიარა და ალონსოს ჰოსპიტალში კიდევ ორი დღით დარჩენა მოუწევს.
„გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, ველოსპორტის მოყვარულ ალონსოს, ლუგანოს მახლობლად ველოსიპედით ვარჯიშისას, მანქანა დაეჯახა. „ალპინი“ ირწმუნება, რომ მომხდარის მიუხედავად, ალონსო ტესტების დაწყებამდე მწყობრში იქნება.
ალონსოს თავისი ორივე ტიტული „რენოსთან“ ერთად, 2005 და 2006 წლებში აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 32 მოგებული რბოლაა. ფორმულა 1-ში ბოლოს 2018 წელს, „მაკლარენთან“ ერთად იასპარეზა.