ჩოგბურთი

4:09 | 11.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვენუს უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

ტრავმის მიუხედავად, ვენუს უილიამსი იტალიელ სარა ერანისთან მეორე წრის შეხვედრისთვის კორტზე მაინც გამოვიდა. მაგრამ ტკივილებს ვერ აჯობა და საბოლოოდ, უშანსოდ დათმო თამაში - 6-1 6-0.

40 წლის ამერიკელი, ვისაც დიდი სლემის 7 ტიტული აქვს მოგებული და მელბურნის ტურნირზე ფინალში ორჯერ ითამაშა, კორტზე შეხვეული მარცხენა მუხლით გამოვიდა. როცა ანგარიში 1-5 იყო, ბადესთან გასვლისას, მარჯვენა ტერფიც დაუზიანდა. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ამერიკელს კანკალი დააწყებინა.

ვენუსს სამედიცინო დახმარება კორტზევე აღმოუჩინეს და ისე ჩანდა, რომ თამაშის გაგრძელებას ვერ შეძლებდა. მაგრამ კორტზე მაინც დაბრუნდა. თუმცა მხოლოდ იმისთვის, რომ გეიმის მოუგებლად დამარცხებულიყო. მას მოძრაობა უჭირდა და ტკივილი სახეზე ეტყობოდა.

„შედგის მიუხედავად, ყოველთვის თავაწეული ვარ და კორტზე გამოსვლისას, ბოლომდე ვიხარჯები. გული არაფერზე მწყდება, რადგან თავს არასდროს ვზოგავ“, - განაცხადა ვენუსმა, ვისთვისაც ეს ავსტრალიის ღიაზე 21-ე გამოსვლა იყო.

ერანი ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოხვდა. მესამე წრეში მისი მეტოქე კიდევ ერთი ვეტერანი ჩოგბურთელი, ტაივანელი ჰსიჰ სუ-ვეი იქნება, რომელმაც მეორე წრეში, აშშ-ის ღია პირველობის 2019 წლის გამარჯვებული, კანადელი ბიანკა ანდრეესკუ 6-3 6-2 დაამარცხა.

„ასეთი გამარჯვებით გახარებული არ ვარ. ვწუხვარ, მის გამო. რთულია, როცა იცი, რომ მეტოქე ტრავმით თამაშობს“, - განაცხადა ერანიმ, ვისაც რეიტინგში 134-ე ადგილი უკავია.

0.113178