საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება და შეადგენლობა ცნობილია.
დეიან სტანოევიჩმა უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის 15 წყალბურთელი შეარჩია, რომელთაგანაც 4 ნატურალიზებული წევრია.
საქართველოს ღირსებას ირაკლი რაზმაძე, ნიკოლოზ შუბლაძე, ბექა ქავთარაძე, ვატო დადვანი, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, ბესო ახვლედიანი, ბორის ვაპენსკი, მარკო ელეზი, ნიკოლოზ შუშიაშვილი, რევაზ იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, ფაბიო ბარალდი, სანდრო ადეიშვილი და ანდრია ბითაძე დაიცავენ.
ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი 14 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით როტერდამში ჩატარდება, ქართველი წყალბურთელები კი პირველ შეხვედრას 14 თებერვალს საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავენ.
საქართველოს ნაკრებმა აღნიშნულ შეჯიბრში ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე დაკავებული მე-10 ადგილის წყალობით მოახერხა. ჩვენი გუნდი A ჯგუფში: ბრაზილიასთან, კანადასთან, საბერძნეთთან, მონტენეგროსთან და თურქეთთან ერთად იმყოფება. ამ ექვსი გუნდიდან კი პლეი-ოფში 4 საუკეთესო გავა, რომლებიც ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.