ავტოსპორტი

1:23 | 10.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარი“ 2022 წლისთვის სრულიად ახალ ძრავს ამზადებს

გუნდის ისტორიაში ერთ-ერთმა წარუმატებელმა სეზონმა „ფერარის“ ხელმძღვანლობას, 2022 წლისთვის სრულიად ახალი აგრეგატის მომზადება გადააწყვეტინა. სკუდერია 2021 წლის სეზონსაც ახალი ძრავით ჩაატარებს, თუმცა მომდევნო სეზონს კიდევ უფრო რადიკალური აგრეგატით შეხვდება.

არაოფიციალური ინფორმაციით, 2022 წლის ძრავი რადიკალურად განსხვავებული კონსტრუქციის ტურბო დამჭირხნით აღიჭურვება. გუნდის ძრავების განყოფილების შეფმა ვოლფ ციმერმანმა გადაწყვიტა, რომ კომპრესორი და ტურბინა განაცალკევოს. ასეთი კონსტრუქციის დამჭირხნს „მერსედესი“ ჰიბრიდული ეპოქის დასაწყისიდანვე იყენებს.

ამჟამად ორივე ელემენტი ერთ კვანძშია თავმოყრილი. ახალ კონსტრუქციაში ტურბინა ძრავის უკანა მხარეს მოთავსდება, კომპრესორი კი - წინ. მათ გრძელი ლილვი დააკავშირებს. სხვათა შორის, მსგავს კონსტრუქციაზე უკვე გადავიდა „ჰონდა“, რომელმაც ამის წყალობით, რადიკალურად გააუმჯობესა აგრეგატის მახასიათებლები და გამძლეობაც.

აგრეგატის მახასიათებლების გაუმჯობესების გარდა, „ფერარი“ ახალი ტურბოკომპრესორის განლაგების წყალობით, აეროდინამიკის დახვეწასაც შეძლებს. გასულ სეზონში აეროდინამიკა SF1000-ის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარე იყო.

ასეთი რადიკალური ნაბიჯი სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული. თუ ახალი აგრეგატი არ გაამართლებს, ახალი რეგლამენტის გამო, მარანელოელები მის დახვეწას ვერ შეძლებენ. ინჟინერთა ნაწილი იმ კონსტრუქციაზე დარჩენას ამჯობინებდა, რომელსაც იტალიური გუნდი ამ სეზონში გამოიყენებს. არჩევანის გაკეთებაში კი გადამწყვეტი როლი გუნდის შეფმა, მატია ბინოტომ შეასრულა.

0.112759