ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა „ლოკომოტივმა“ პირველი სპარინგმატჩი ჩაატარა და რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ „როსტოვს“ გაეჯიბრა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ურიგოდ არ გამოიყურებოდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ მაინც 1:4 დამარცხდა.
ალმქვისტის გოლით რუსები დაწინაურდნენ, რასაც მალევე ოსიპენკოს ავტოგოლი მოჰყვა და „ლოკომ“ პირველ ტაიმში 1:1 შეინარჩუნა. აი, მეორე ნახევარში რუსების უპირატესობა უფრო გამოკვეთილი იყო, რაც ნორმანის გოლსა და პოლოზის დუბლში აისახა და საბოლოოდ, თბილისელები დამარცხდნენ.
ნიშანდობლივია, რომ „ლოკომოტივის“ რიგებში ბოლო ნახევარი საათი გურამ კაშიამ ითამაშა. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი დედაქალაქურ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ჯერ კონტრაქტი მას არცერთ გუნდთან არ აქვს გაფორმებული. კაშია ბოლოს „სან ხოსეს“ წევრი იყო, რომელიც დეკემბერში დატოვა, მაგრამ სად გააგრძელებს კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.
თბილისის „ლოკომოტივს“ ესპანეთში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება აქვს. მას 11 და 14 თებერვალს ძლიერი რუსული გუნდების (როგორც „როსტოვია“), „კრასნოდარისა“ და მოსკოვის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ ელოდება სპარინგები, ხოლო ბოლო ამხანაგურ შეხვედრას ესპანური „მალაგას“ წინააღმდეგ გამართავს.
„როსტოვი“ – „ლოკომოტივი“ 4:1 (1:1)
გოლები: 1:0 ალმქვისტი (31), 1:1 ოსიპენკო (35, ა.გ), 2:1 ნორმანი (54, პენ), 3:2 პოლოზი (75), 4:1 პოლოზი (78)