ავტოსპორტი

17:59 | 8.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა მერსედესთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა და „მერსედესმა“ ახალი კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც მხოლოდ 2021 წელზე ვრცელდება. ამგვარად, ფორმულა 1-ის ახალი სეზონის წინ, ყველა ვაკანსია შეივსო.

ჰამილტონი იმედოვნებს, რომ გერმანულ გუნდთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონის მერვე ტიტულის მოპოვებას შეძლებს: „მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ მერსედესში მეცხრე სეზონს გავატარებ. ჩვენმა გუნდმა ბევრ რამეს მიაღწია და იმედი მაქვს, უფრო მეტს მივაღწევთ. ამის იმედს მაძლევს ის, რომ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ განვითარებას როგორც ტრეკზე, ასევე მის მიღმა“.

უფრო ადრე, „მერსედესთან“ კონტრაქტი ერთი წლით გააგრძელა ვალტერი ბოტასმაც, ვინც კვლავ ჰამილტონის თანაგუნდელი იქნება. ახალი კონტრაქტის შესაბამისად, სამქიმიანები თავიანთ ჩემპიონთან საქველმოქმედო სფეროშიც ითანამშრომლებენ.

„ძველებურად მონდომებული ვარ, გავაგრძელო ის საქმე, რომლის მიზანიც, მოტორსპორტის სფეროში დივერსიფიკაცია და სპორტის ამ სახეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. და ძალიან მადლობელი ვარ მერსედესის, რომელიც ჩემს ამ ნაბიჯებს მხარს უჭერს და პრობლემების მოგვარებაში მეხმარება“, - დასძენს ჰამილტონი.

„მერსედესის“ გუნდს შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებამ, მასაც და ჰამილტონსაც მოლაპარაკების პროცესი გაურთულა: „ჩვენ ლუისთან ყოველთვის თანხმობა გვაქვს, მაგრამ 2020 წლის ძალიან უჩვეულო სეზონმა, ახალი კონტრაქტის გაფორმება გაგვიჭიანურა. ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი სეზონით გაგვეგრძელებინა ურთიერთობა და დაგვეწყო გრძელვადიანი პროექტი, რომლის მიზანიც ჩვენი სპორტის დივერსიფიცირებაა“.

0.131267