ფეხბურთი

2:36 | 7.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ნაბიჯებს წინ დგამს, გორან პანდევი კი, არ ბერდება

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება ტურინში შედგა, სადაც „იუვენტუსმა“ „რომას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა. ბოლო პერიოდში ანდრეა პირლოს გუნდი სტაბილურია და უკვე ზედიზედ მეექსვე თამაში მოიგო (ყველა ტურნირზე).

ტურინელებმა რომაელებს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს. ჯერ კრიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინა თავი, როდესაც საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე სტუმართა მცველმა იბანიესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. კონკრეტულად სერია A-ში „იუვემ“ მიჯრით მესამე თამაში მოიგო და თან გოლგაუშვებლად (სამივე 2:0). შედეგად, „იუვენტუსი“ ჯერჯერობით მილანურ გუნდებთან ჩამორჩენას ვერ ამცირებს („ინტერმა“ ამ ტურში „ფიორენტინას“ მოუგო, „მილანი“ კვირას „კროტონეს“ მასპინძლობს), მაგრამ „რომას“ გადაასწრო და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აინაცვლა. „ბებერმა ქალბატონმა“ ყველა ტურნირზე 2021 წელს 11 თამაში ჩაატარა და 10 მოიგო, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის და შეიძლება ითქვას, ზედიზედ მე-10 სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთელი ძალებით რჩება. სხვათა შორის, ბრწყინვალე ფორმაშია 36 წლის ჯორჯო კიელინი, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ შესანიშნავად დაბრუნდა და „იუვეს“ ბოლოდროინდელ სტაბილურობას ბევრი მის დაბრუნებას აწერს, რაშიც სიმართლის დიდი მარცვალია. ამას ერთი საინტერესო სტატისტიკაც ამყარებს: „იუვემ“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში კარი მშრალად 6-ჯერ შეინახა და ოთხჯერ მაშინ, როდესაც მოედანზე იყო...

„იუვენტუსი“ მომდევნო ტურში ნეაპოლში „ნაპოლის“ ესტუმრება, რომელიც როგორც ჩანს კრიზისშია. ჯენარუ გატუზოს გუნდი გენუაში, „ჯენოასთან“ დამარცხდა და მატჩის გმირი მაკედონიელი გორან პანდევი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა, თანაც საწყის 26 წუთში. პანდევი მიმდინარე სეზონში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელია, რომელმაც ტოპ ჩემპიონატებში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. ზოგადად, „ჯენოა“ ფანტასტიკურ ფორმაშია და ეს მხოლოდ დავიდე ბალარდინის დამსახურებაა, რომელმაც ლიგურიელები 21 დეკემბერს ჩაიბარა და მას შემდეგ გუნდს 17 ქულა მოაპოვებინა. ამ მონაკვეთში „ჯენოაზე“ მეტი ქულა მხოლოდ „იუვენტუსმა“ მოიპოვა (18). „ნაპოლის“ რაც შეეხება, მე-7 მატჩი წააგო სეზონში და ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რასაც მისგან ელიან. რაც მთავარია, ნეაპოლელებს დაცვაში პრობლემები აქვთ - კალიდუ კულიბალის კორონავირუსი აქვს, კოსტას მანოლასმა კი ტრავმა მიიღო და ჯერ უცნობია მისი მდგომარეობა. ერთ კვირაში კი „იუვენტუსთან“ თამაშია.

ბერგამოში, „ატალანტამ“ „ტორინოს“ უმასპინძლა და ტიფოზებმა ნამდვილი დრამა იხილეს. ჯან პიერო გასპერინის „ატალანტას“ თამაში თუ წაუვიდა, არავის დანდობა არ იცის და ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა. ბერგამოელებმა მე-14 წუთიდან 21-ე წუთამდე, 7-წუთიან ინტერვალში 3(!) გოლი გაიტანეს და 3:0 დაწინაურდნენ. „ტორინო“, რომელსაც უფერული და უმძიმესი სეზონი აქვს, განწირული ჩანდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა! „ხარებმა“ პირველივე ტაიმში ორი გოლი გაქვითეს, ხოლო მატჩის ბოლოს მესამეც გაიტანეს და ქულა გადაარჩინეს. სხვათა შორის, „ტორინომ“ სერია A-ში 2008 წლის შემდეგ პირველად გადაარჩინა თამაში, რომელშიც 0:3-ს აგებდა (მანამდე ეს ბოლოს „ჯენოასთან“ მოეხერხებინა).

კვირის მატჩებიდან ყველაზე საინტერესო „მილანის“ შეხვედრაა, რომელიც აუტსაიდერ „კროტონეს“ მასპინძლობს და „როსონერის“ ლიდერობის დაბრუნება შეუძლია, ოღონდ აუცილებლად უნდა იმარჯვოს, რადგან „ინტერი“ ამ მომენტისთვის მასზე წინაა.

„ატალანტა“ – „ტორინო“ 3:3 (3:2)

გოლები: 1:0 ილიჩიჩი (14), 2:0 გოსენსი (19), 3:0 მურიელი (21), 3:1 ბელოტი (42), 3:2 ბრემერი (45), 3:3 ბონაცოლი (84)

„სასუოლო“ – „სპეცია“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 კაპუტო (25), 1:1 ერლიჩი (39), 1:2 გიასი (78)

„იუვენტუსი“ – „რომა“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 რონალდუ (13), 2:0 იბანიესი (70, ა.გ)

„ჯენოა“ – „ნაპოლი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 პანდევი (11), 2:0 პანდევი (26), 2:1 პოლიტანო (79)

თეგებისერია A
0.36669