არაა გამორიცხული, რომ ბაჰრეინში ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის პირველი ორი რბოლა ჩატარდეს. ავსტრალიის დიდი პრიზის ნოემბერში გადატანის და ჩინეთის და ვიეტნამის ეტაპების სავარაუდო გაუქმების გამო, მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებს კვლავ კალენდრის შევსებაზე ზრუნვა უწევთ. ლოჯისტიკურად, ყველაზე გამართლებული, ბაჰრეინში პირველი ორი ეტაპის გამართვა იქნება.
ამჟამად მეორე ეტაპად, კალენდარში იმოლას რბოლაა ჩასმული, რომელიც 18 აპრილს არის დანიშნული. ბაჰრეინში კი სეზონი 28 მარტს გაიხსნება. ორგანიზატორებს სწორედ ამ სამკვირიანი შუალედის შევსება სურთ. ასევე განიხილება ვარიანტი, რომლის შესაბამისადაც, მესამე ეტაპი პორტუგალიის პორტიმაუში უნდა ჩატარდეს.
მაგრამ სიტუაციას ართულებს ის გარემოება, რომ ეს ქვეყანა ბრიტანეთმა ეგრეთ წოდებულ პანდემიურ წითელ სიაში შეიტანა. ეს კი ნიშნავს, რომ პორტუგალიიდან ბრიტანეთში დაბრუნებული გუნდების წევრებს, 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ეს კი სერიოზული პრობლემაა, რადგან 10-დან 6 გუნდი სწორედ ბრიტანეთშია ბაზირებული.
ორი რბოლის ჩატარების თაობაზე, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობას ბაჰრეინის ხელისუფლებისთვის ჯერ არ მიუმართავს. არაა გამორიცხული, რომ სპორტის ელიტარული სახეობისთვის, ბრიტანეთის ხელისუფლებამ გამონაკლისი დაუშვას და გუნდები კარანტინის გარეშე შეუშვას ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, ბაჰრეინში მეორე რბოლის ჩატარება აუცილებელი აღარ იქნება.