დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების შემდეგ მისი დიდი ოჯახის წევრებს შორის დაუნდობელი და უპრეცედენტო ომი დაიწყო. ამჯერად კონფლიქტი ძალიან ძვირადღირებულ ბეჭედს ეხება, რომელიც მარადონამ 2018 წელს ბელარუსში მიიღო, როდესაც ბრესტის „დინამოს“ საპატიო პრეზიდენტად დაინიშნა. ეს ბეჭედი დიეგოსთვის ძალიან ძვირფასი იყო და მაშინაც ატარებდა, როდესაც „ხიმნასიას“ ავარჯიშებდა.
მარადონას საყვარელი ბეჭედი 300 ათას ევროდ არის შეფასებული, მაგრამ ამჟამად მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის. არგენტინელი ჟურნალისტის ლუის ვენტურას განცხადებით, მარადონას სეიფი ჰქონდა სწორედ იმ ოთახში, სადაც გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ საკითხზე ასევე ისაუბრეს მარადონას შვილის, უმცროსის დიეგოს ადვოკატმა მარიო ბოდრიმ და ვერონიკა ოხედას კომპანიონმა, რომელმაც აღნიშნა, ახლა ბეჭედი დიეგოს ერთ-ერთ ქალიშვილს ჰქონდა.
საუბარია ჯანინაზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ხმაურიანი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელიც სწორედ ბეჭედს უკავშირდება:
„თუ ისინი მომკლავენ ბეჭდის გამო, რომელიც მე არ მაქვს, ყველა მათგანი თანამონაწილეები იქნებიან. მათ არ შეუძლიათ დაამტკიცონ ის, რასაც ამბობენ“, - დაწერა ჯანინამ.
შეგახსენებთ, რომ დიეგო არმანდო მარადონა გასული წლის 25 ნოემბერს გულის შეტევით 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. რაც შეეხება ჯანინას, ის "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს ყოფილი მეუღლეა.