ფეხბურთი

2:45 | 4.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" სიგიჟე და დრამა ესპანეთის თასზე (+VIDEO)

მიმდინარე სეზონში ალბათ ყველაზე დრამატული დაპირისპირება ესპანეთის თასის მეოთხედფინალში შედგა „გრანადასა“ და „ბარსელონას“ შორის. ყოველშემთხვევაში, მოვლენები ისე განვითარდა, რომ დაჯერება ძალიან ძნელია...

„ბარსა“ ძალიან, ძალიან ახლოს იყო სამეფო თასიდან გავარდნასთან, მაგრამ ახლა ნახევარფინალშია. კენედისა და რობერტო სოლდადოს გოლებით „გრანადა“ უკვე მეორე ტაიმის დასაწყისში ორბურთიან უპირატესობას ფლობდა და 88-ე წუთამდე ამ ანგარიშს წარმატებით ინარჩუნებდა. ამავდროულად, შესანიშნავად თამაშობდა მასპინძელთა მეკარე ეკსანდელი, რომელსაც 88-ე წუთზე არ გაუმართა, ძელიდან ასხლეტილი ბურთი მას მოხვდა და კარში გავიდა - 2:1.

ცხადია, ეს რონალდ კუმანის გუნდისთვის ვერაფერი ნუგეში იყო და მეორე გოლი ჰქონდა გასატანი, რაც მსაჯის მეორე კომპენსირებულ წუთზე მოახერხა კიდეც. ჟორდი ალბამ ანტუამ გრიზმანის პასით გაიტანა. სხვათა შორის, ფრანგმა პირველ გოლშიც უდიდესი წვლილი შეიტანა და ორივე იერიში ერთი ზონიდან განვითარდა. „ბარსელონას“ სხვა მომენტებიც ჰქონდა, ბურთი ხან ძელს ხვდებოდა, ხან ხარიხას... თუმცა, 2:2-ის შემდეგ, როდესაც თითქოს ყველა დამატებით დროს ელოდა, „გრანადას“ კოლუმბიელი ფორვარდი ლუის სუარესი მეკარესთან პირისპირ გავიდა და... ვერ ივარგა, კარს ააცილა. შედეგად, დამატებითი 30-წუთეული დაინიშნა.

იქ, მე-100 წუთზე ანტუან გრიზმანმა ამჯერად თავად გაიტანა და „ბლაუგრანამ“ დააქამბექა. მაგრამ სამ წუთში ფედე ვიკომ პენალტით წონასწორობა აღადდგინა და პირველი დამატებითი ტაიმიც ფრედ დასრულდა. კატალონელებმა მხოლოდ მეორე დამატებით ტაიმში შეძლეს მეტოქის საბოლოოდ გატეხვა, ფრენკი დე იონგის გოლს ჟორდი ალბას დუბლი მოჰყვა!

ამრიგად, „ბარსელონამ“ მოიგო თამაში, რომელსაც საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე ორი ბურთის სხვაობით აგებდა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. საფეხბურთო სამყარო კი ამ დიდებულ თამაშს ალბათ წლების შემდეგ არაერთხელ გაიხსენებს. აღვნიშნოთ ისიც, რომ „ბარსელონა“ 2021 წელს ჩინებულ ფორმაშია და ნამდვილად აღარ ჰგავს იმ გუდს, რომელსაც სეზონის პირველ ნაწილში უმეტესად ვხედავდით...

„გრანადა“ – „ბარსელონა“ 3:5 დ.დ (1:0)

გოლები: 1:0 კენედი (33), 2:0 სოლდადო (47), 2:1 ესკანდელი (88, ა.გ), 2:2 ალბა (90), 2:3 გრიზმანი (100), 3:3 ვიკო (103, პენ), 3:4 დე იონგი (108), 3:5 ალბა (113)

0.127277