ბელგიის თასის 1/16 ფინალში ჟორჟ მიქაუტაძის „სერენი“ ლიეჟის „სტანდარდს“ დაუპირისპირდა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 1:4 დამარცხდა. დერბიში მასპინძელთა მარცხი გარკვეულწილად პროგნოზირებადიც იყო, რადგან ლიეჟელები გაცილებით მაღალ დონეზე არიან.
მიქაუტაძემ 90 წუთი ითამაშა და გოლის გატანის რეალური შანსი გაანიავა. 34-ე წუთზე ჟორჟმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად შეასრულა, მაგრამ სტუმართა კარის დარაჯმა არნო ბორდარმა დარტყმა მოიგერია. არადა, მიქაუტაძეს რომ გაეტანა, ანგარიშს ათანაბრებდა (1:1), თუმცა ვერ შეძლო და 38-ე წუთზე „სტანდარდმა“ მეორედ გაიტანა - თამაშის ბედიც გადაწყდა. ამ სეზონში ჟორჟმა უკვე მეორედ ვერ შეძლო პენალტის გამოყენება, პირველად "ლომელთან" ოქტომბერში გაუშვა შანსი ხელიდან.
აღსანიშნავია, რომ 20 წლის მიქაუტაძემ 13 დეკემბრის შემდეგ პირველად ითამაშა, რადგან დისკვალიფიკაცია ჰქონდა. მაშინ ჟორჟი „მოლენბეკთან“ გააძევეს და არასპორტული საქციელისთვის 4 მატჩით დასაჯეს.
„სერენის“ ფეხბურთელს პროქსიმუს ლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი, განსაკუთრებით შთამბეჭდავად კი სეზონის სტარტზე თამაშობდა.