„მერსედესმა“ გამოაცხადა, რომ თავისი ფორმულა 1-ის გუნდის ახალ მანქანას, პირველად 2 მარტს გვიჩვენებს. ამასთან, ჯერაც გაურკვეველია ლუის ჰამილტონის მდგომარეობა, ვისაც სამქიმიანებთან კონტრაქტი გასული წლის ბოლო დღეს დაუმთავრდა, ახალი კი ჯერ არ გაუფორმებია.
„მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა აღიარა, რომ ჰამილტონთან ახალი კონტრაქტის უახლოეს მომავალში გაფორმება მოსალოდნელი არაა. ამით კი ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მხარეებს შორის, საკონტრაქტო პირობებზე თანხმობა არ არის.
გერმანული გუნდი ტრადიციულად, თავის ახალ მანქანას თებერვალში გვიჩვენებს ხოლმე. თუმცა ავსტრალიის დიდი პრიზის გადადების გამო, „მერსედესს“ საკმარისი დრო ექნება იმისათვის, რომ ტესტებისთვის და სეზონის პირველი რბოლისთვის მოემზადოს, რომელიც ბაჰრეინში, 28 მარტს გაიმართება.
ტესტებსაც ბაჰრეინი უმასპინძლებს. ისინი პირველ რბოლამდე ორი კვირით ადრე დაიწყება. მანამდე კი დიდი დროა იმისთვის, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ახალი კონტრაქტი გააფორმოს და მერვე ტიტულის მოსაპოვებლად, კამპანიას შეუდგეს.
შეგახსენებთ, რომ „მერსედესამდე“ თავიანთი ახალი სარბოლო ავტომობილების პრემიერების თარიღები „მაკლარენმა“ და „ალფა რომეომ“ დანიშნეს. ისინი პირველ ჩვენებას შესაბამისად, 15 და 22 თებერვალს გეგმავენ.