ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეორე ტურის მატჩი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და დამარცხდა.
ცხადია, რუსები აშკარად ფავორიტად ითვლებოდნენ, რადგან მსოფლიოში გამორჩეული ნაკრებია და არა მარტო ამ ჯგუფის, არამედ დამდეგი ევროპის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტებშია.
რუსეთის ნაკრებმა ანგარიში მატჩის დაწყებიდან 5 წუთში გახსნა, როდესაც კარგად გათამაშებული კუთხური რომულომ გოლით დაასრულა და ხოლო მატჩის მე-10 წუთზე ნიაზოვმა დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომა არ გვაპატია - 0:2. საქართველოს ნაკრები ამის შემდეგ უკეთ ათამაშდა და რამდენიმე მომენტიც შექმნა. ჯერ იყო და, შაგინიამ ბურთი ხარიხას გაარტყა, ხოლო ორ წუთში ვახტანგ კვარაშვილს მეკარემ აჯობა.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და რუსების მეკარემ კიდევ ერთხელ მოუწია თავისი გუნდის გადარჩენა. თუმცა, ეს იყო და ეს, რუსეთის ნაკრებმა 28-ე და 33-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს დაცვაში ცუდი თამაში არ აპატია, ორჯერ გაიტანა და მატჩის ბედიც საბოლოოდ გადაწყდა - 0:4.
საქართველოს ნაკრებს მეორე შესარჩევ ეტაპზე ორი ტურის თავზე 1 ქულა აქვს (პირველ ტურში საფრანგეთთან 4:4), ხოლო მომდევნო ორი მატჩს 5 და 9 მარტს სომხეთის ნაკრებთან ჯერ თბილისში და შემდეგ სტუმრად გამართავს.
ცნობისთვის, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ნიდერლანდებში 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე ჩატარდება. მასპინძელს ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება უკვე მოპოვებული აქვს. ნიდერლანდების გარდა, შესარჩევი ციკლის 8 ჯგუფის გამარჯვებულები და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალურ ეტაპზე გავა, ბოლო მე-16 მონაწილის ვინაობა კი უარეს ორ მეორეადგილოსანს შორის ორრაუნდიანი პლეი-ოფით გაირკვევა.
საქართველო - რუსეთი 0:4 (0:2)
გოლები: 0:1 რომულო (5), 0:2 ნიაზოვი (10), 0:3 დავიდოვი (28), 0:4 ნიაზოვი (33)