ფეხბურთი

15:44 | 2.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე "ბარსელონაზე: "ბაიერნი" ასეთ სიტუაციაში რომ იყოს, ვერ დავიძინებდი"

მიუნხენის „ბაიერნის“ თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ დავიდ ალაბას გუნდიდან წასვლა პრაქტიკულად დაადასტურა. როგორც მან თქვა, ავსტრიელი ზაფხულში მიუნხენიდან წავა და სავარაუდოდ, მისი ახალი გუნდი მადრიდის „რეალი“ იქნება.

გარდა ამისა, რუმინეგემ კატალონური „ბარსელონას“ უზარმაზრ ვალზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მათ ადგილზე დაძინებასაც ვერ მოახერხებდა.

„გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ 99.9%-ით გუნდს დატოვებს. ჩვენ მაგიდაზე ბევრი ფული დავდეთ, რაც საბოლოოდ აშკარად არ აღმოჩნდა საკმარისი მის დასარწმუნებლად. ეს არის ის, რასაც უნდა შევეგუოთ. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენთვის დამატებით ღირებულებას წარმოადგენდა, ამიტომ, ჩვენს შორის პრობლემები არ არსებობს. ზაფხულში ერთმანეთს მეგობრულად დავშორდებით. არ გამოვრიცხავ იგივე მოხდეს, რაც გასულ ზაფხულს, როცა ტიაგო ალკანტარას დავემშვიდობეთ. 12 წლის შემდეგ გადაწყვიტა ახალი გამოცდილებით იცხოვროს და სწორია მოთამაშის ნებას პატივი ვცეთ.

ფლორენტინო პერესი არ დაგვკავშირებია, მაგრამ ის ვალდებულიც არ იყო, რადგან 2 იანვრიდან მოთამაშეს შეუძლია კონტრაქტი გააფორმოს ვისთანაც სურს. არ ვიცი, რამდენად აქვს „რეალთან“ მოლაპარაკებები, მაგრამ ეს შესანიშნავი კლუბია, მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდი აქვს და მე მესმის ალაბასი. უპამეკანო? დარწმუნებული ვართ, რომ მას შეუძლია ალაბას შეცვლა, კარგი ურთიერთობა გვაქვს მის აგენტთან, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ არ ვართ ერთადერთი დაინტერესებული გუნდი.

„ბარსელონას“ მილიარდზე მეტი დავალიანება? „ბაიერნი“ რომ ასეთ სიტუაციაში ყოფილიყო, ვერ დავიძინებდი. ჩვენ ვიყავით და ვაგრძელებთ მისაბაძი მაგალითის მიცემას, იმის გათვალისწინებით, რაც „ბარსელონაში“ ხდება ან იტალიაში, სადაც გარკვეული ხელფასებიც კი არ არის გადახდილი. ვაგრძელებთ სპორტულ წარმატებას და ეკონომიკურ სტაბილურობას. ვსაუზმობდი, როდესაც „ბარსელონას“ ვალებზე წავიკითხე და ლამის დავიხრჩვი“, - თქვა რუმენიგემ.

0.11447