VTB ლიგის მორიგ ტურში მოსკოვის ცსკა სტუმრად „ზიელონა გორას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 90:93 დამარცხდა. დმიტრი იტუდისის გუნდმა პირველი ტაიმი იდეალურად ჩაატარა, 9-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ ჯერ მესამე პერიოდი 10 და შემდეგ მეოთხე პერიოდი 2 ქულით წააგო და შესაბამისად დამარცხდა.
ცსკა-ს რიგებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 22:20 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თორნიკემ 12-დან 7 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა.
ცსკა-ში ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ დანიელ ჰაკეტს ჰქონდა (23), რომელმაც 12 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. თუმცა, შენგელიას მოსკოველთა რიგებში ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდა (19)
მოსკოვის ცსკა VTB ლიგაში 10 გამარჯვებით და 3 მარცხით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 თებერვალს, „კალევს“ უმასპინძლებს.