ფეხბურთი

11:05 | 31.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიბერტადორესის თასი "პალმეირასმა" დრამატულ ბრძოლაში მოიგო (+VIDEO)

ლიბერტადორესის თასი „პალმეირასმა“ მოიგო. აბელ ფერეირას გუნდმა ბრაზილიური ფინალში „სანტოსი“ დრამატულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და სამხრეთ ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო ჯილდო მოიგო.

შეხვედრის ბედი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-9 წუთზე გადაწყდა! რონის ჩაწოდების შემდეგ ბრენო ლოპესმა თავური დარტყმით მისი გუნდისთვის ფასდაუდებელი გოლი გაიტანა. „პალმეირასმა“ ისტორიაში მეორედ მოიგო კოპა ლიბერტადორესი, პირველად ამ წარმატებას გასული საუკუნის მიწურულს, 1999 წელს უწია.

ცნობისთვის, „პალმეირასის“ მთავარი მწვრთნელი აბელ ფერეირაა, რომელმაც მიმდინარე სეზონი ჯერ კიდევ სალონიკის პაოკ-ში დაიწყო და ნიკა ნინუას ავარჯიშებდა, მაგრამ შემდეგ ბრაზილიაში გადაინაცვლა. „პალმეირასის“ ღირსებას რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე იცავს, მათ შორის „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ ყოფილი ნახევარმცველი ფელიპე მელო, „მილანის“ ექსმცველი გუსტავო გომესი და დონეცკის „შახტარის“ ყოფილი გოლეადორი ლუის ადრიანო. აქვეა, ბრაზილიის ნაკრების მესამე მეკარე ვევერტონი... ამრიგად, „მწვანეებმა“ კონმებოლის ზონაში მინიმუმ ერთი წლით საუკეთესო გუნდის სახელი დაისაკუთრეს და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლებაც ირგუნეს.

"პალმეირასი" - "სანტოსი" 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბრენო (90)

0.114102