საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი პოზნანის „ლეხის“ ფეხბურთელია. 28 წლის ფეხბურთელი პოლონეთში ორი დღის ჩავიდა, გუშინ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, ხოლო დღეს კონტრაქტს ხელი მოაწერა.
როგორც „ლეხის“ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ნიკამ 6-თვიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის განახლება 2 წლის ვადით იქნება შესაძლებელი. ქართველი ფეხბურთელი პოზნანელთა რიგებში 30-ნომრით ითამაშებს და მას ზურგზე ეწერება - KVEKVE. სხვათა შორის, ნიკას აქამდე უნგრულ "ჰონვედს" აქტიურად უკავშირებდნენ და წინასწარი შეთანხმებაც მიღწეული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა. ამრიგად, ქართველი პოლონურ კლუბში გადავიდა.
„გვინდოდა შუა ხაზში კონკურენცია გაგვეძლიერებინა და რადეკ მურავსკი ზაფხულიდან შემოგვიერთდება. სწორედ ამიტომ, ახლა კონტრაქტი გავუფორმეთ ნიკა კვეკვესკირს. ხელშეკრულება 6-თვიანია და მისი განახლება 2 წლითაა შესაძლებელი. ის გამოცდილი ფეხბურთელია, რომელიც რეგულარულად თამაშობდა არა მარტო კლუბში, არამედ საქართველოს ნაკრებში. ის იბრძოლებს იესპერ კალსტრომთან და პედრო ტიბასთან ერთად ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად“, - ციტირებს „ლეხის“ ვებგვერდი სპორტული დირექტორის, ტომაშ რუზას სიტყვებს.
პოზნანის „ლეხი“ პოლონეთის ექსტრაკლასაში 24 ტურში მოპოვებული 17 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება. მოგეხსენებათ, ამ გუნდის ღირსებას ნიკა კაჭარავაც იცავს, რომელიც ამ დროისთვის ტრავმირებულია.
ნიკა კვეკვესკირს კარიერის განმავლობაში ზუგდიდის „ბაიას“, „დინამო თბილისის“, „ცხინვალის“, გორის „დილას“, „კეშლასა“ და „გაბალას“ რიგებში უთამაშია, ხოლო 2017 წლიდან ყაზახური „ტობოლის“ წევრი იყო, რომლის რიგებში გამართულ 83 მატჩში თავი 5 გოლით და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ნიკას საქართველოს ნაკრებში 2015 წლიდან დღემდე 33-ჯერ აქვს ნათამაშები.