იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „იუვენტუსმა“ ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელი ნიკოლო როველა შეიძინა, რომელსაც კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. თუმცა, ცენტრალური ნახევარმცველი 2022 წლის ზაფხულამდე იჯარით „ჯენოაში“ დარჩება.
„იუვემ“ როველას სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გაიღო, რასაც შესაძლოა მომავალში ბონუსის სახით 20 მილიონი ევროც დაემატოს იმის მიხედვით, რა შედეგებს აჩვენებს ფეხბურთელი.
19 წლის როველას იტალიაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და მიმდინარე სეზონში გენუური გუნდის რიგებში 11 თამაში ჩაატარა. საინტერესოა, რომ „იუვენტუსმა“ როველა თანხის სანაცვლოდ დაიმატა, მაგრამ ეს გარკვეულწილად ფორმალობაა, რადგან გენუაში ორი ფეხბურთელი გაასხვისა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ მისი ბიუჯეტი შეივსო.
მანო პორტანოვას „იუვე“10 მილიონ ევროდ შეელია, რასაც ბონუსის სახით შესაძლოა 5 მილიონი დაემატოს, ხოლო ელია პეტრელის სანაცვლოდ 8 მილიონი გამოიმუშავა და ბონუსმა შეიძლება 5.3 მილიონი ევრო შეადგინოს.