კალათბურთი

0:08 | 28.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ მაიკ ჯეიმსთან იჩხუბა და ამერიკელი ცსკა-ს ტოვებს!

მოსკოვის ცსკა-ში კონფლიქტია - გუნდს სავარაუდოდ, ამერიკელი მაიკ ჯეიმსი დატოვებს, რომელმაც მთავარ მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან იჩხუბა. უფრო მეტიც, რუსული მედიის ცნობით, ცსკა-ს ხელმძღვანელობისთვის ბოლო წვეთი რამდენიმე დღის ვარჯიშზე მომხდარი ინციდენტი გამოდგა.

ცსკა-ს საწვრთნელი პროცესის დროს ჯეიმსსა და თორნიკე შენგელიას შორის ჩხუბი მომხდარა. შედეგად, კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გუნდში სიტუაცია რომ არ არეულიყო, ჯეიმსის გაშვება გადაწყვიტეს.

როგორც ცნობილი გახდა, ამერიკელ კალათბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და დიდი შანსია, მალე ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდეს. ცხადია, ჯეიმსის წასვლა მოსკოველთათვის დიდი დარტყმა იქნება, რადგან გუნდის ლიდერია.

ცსკა ევროლიგაში დღეს ბერლინის „ალბას“ დაუპირისპირდა და ჯეიმსი გუნდთან ერთად არ ყოფილა. მეტიც, როგორც ამბობენ, მას მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან კონტაქტიც აღარ აქვს. გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ „ფენერბახჩესთან“ მატჩის შემდეგ ჯეიმსი მთავარ მწვრთნელ დმიტრის იტუდისს შენიშვნის შემდეგ შეეპასუხა. როგორც ჩანს, საქმე სერიოზულადაა და მოსკოვის ცსკა საბოლოო გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში მიიღებს.

ამავდროულად, შენგელიასთან დაპირისპირების თემას ამერიკელი კალათბურთელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ეს ინფორმაცია არ დაადასტურა:

„ყველაფერს საზღვარი აქვს. მორჩით სისულეების წერას. ისე წარმოაჩინეს, თითქოს თოკოსთან ვიჩხუბე. ცოტა დაფიქრდით. არ შეიძლება მედიამ ის წეროს, რაც მოუნდება. Eurohoops, სიმართლე მითხარით, რატომ ავრცელებთ ასეთ ინფორმაციას? ვიცი, რომ ყველაფრის დასაწერად მზად ხართ, მაგრამ ჯერ იქნებ საკითხში გაერკვეთ და საღ აზრს მოუხმოთ“, - დაწერა ჯეიმსმა ტვიტერში.

0.128337