„იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ფეხბურთიდან წასვლას ჯერ არ გეგმავს. უფრო მეტიც, Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ვეტერანი მეკარე და ტურინული გრანდი მზად არიან თანამშრომლობა განაახლონ.
ბუფონს კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, მაგრამ დიდი შანსია, რომ მას 1 წლით განაახლებს და გუნდში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება. აღსანიშნავია, რომ ჯიჯი ხვალ, 28 იანვარს, 43 წლის ხდება. მიუხედავად ამისა, ფიზიკური კონდიციების მხრივ თავს კარგად გრძნობს და მზადაა მეორე მეკარის როლი ისევ შეასრულოს. გარდა ამისა, ლეგენდარულ მეკარეს კლუბის გასახდელში და მოედანს მიღმა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ბუფონის კარიერა ჯერ კიდევ 1995 წელს „პარმაში“ დაიწყო, სადაც 2001 წლამდე დარჩა და შემდეგ „იუვეში“ გადავიდა. „ბებერ ქალბატონში“ მან 17 სეზონი ითამაშა და 2018 წელს კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ერთი წელი „პარი სენ ჟერმენში“ დაჰყო, საიდანაც ტურინელთა რიგებს დაუბრუნდა. გასულ სეზონში მან „იუვეში“ 15 მატჩი ჩაატარა, ხოლო მიმდინარე სეზონში მოედანზე 6-ჯერ გავიდა.
აღსანიშნავია, რომ სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მეკარე მარკო ბალოტაა, რომელმაც თავის დროზე „ჯენოა“ – „ლაციოს“ მატჩში 44 წლისა და 38 დღის ასაკში ითამაშა. თუ ბუფონი მომდევნო სეზონსაც ითამაშებს, ამ რეკორდს გააუმჯობესებს. მან გასულ სეზონში სერია A-ში ყველაზე მეტი მატჩიც ჩაატარა და პაოლო მალდინის გადაასწრო.