კალათბურთი

17:16 | 25.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას ტურის სიმბოლურში

„იბეროსტარ ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. შერმადინმა გასულ ტურში ყველაზე მეტი ქულა (29) ჩააგდო და ხუთეულშიც ადგილი ამიტომ ერგო.

გიორგიმ „მანრესასთან“ ფანტასტიკურად ითამაშა, 29 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მან 14-დან 10 ორქულიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 37-ს გაუტოლდა.

შერმადინის გარდა ტურის სიმბოლურში ვალტერ ტავარეში, მარსელინო უერტასი, მალიკ დიმე და ლეონარდო მეინდლი მოხვდნენ.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 16 გამარჯვებით და 4 მარცხით სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომავალ შეხვედრას 30 იანვარს „მორაბანკ ანდორას“ წინააღმდეგ გამართავს.

0.112392