უნგრეთის ჩემპიონატი ზამთრის პაუზის შემდეგ ფანტასტიკურად განაახლა ბუდუ ზივზივაძემ. „ფეჰერვარის“ ქართველმა ფორვარდმა „უიპეშტთან“ საოცარი თამაში ჩაატარა და გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა, ორი შესანიშნავი საგოლე პასი მიითვალა.
„ფეჰერვარმა“ სტუმრად გიორგი ბერიძის „უიპეშტი“ 5:0 გააცამტვერა, ბუდუმ 67 წუთი ითამაშა, ხოლო ბერიძე თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო. ზივზივაძემ 4 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა!
მე-6 წუთზე ბუდუმ მოედნის ცენტრიდან ფუნშო ბამგბოიეს ბრწყინვალე პასი გაუკეთა, ნიგერიელი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა. მე-20 წუთზე 26 წლის ქართველმა ფორვარდმა საჯარიმოში იაქტიურა, კარში დაარტყა, მეკარემ აუღო, მაგრამ დამატებაზე ბამგბოიემ ივარგა და დუბლი გაიფორმა.
მეორე ტაიმი ისევ ბუდუს ბენეფისით დაიწყო. 55-ე წუთზე მეტოქის კარს დაემუქრა, მეკარემ ისევ აჯობა, თუმცა ამჯერად თავად იყო პირველი დმატებაზე და მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი მიითვალა. მე-60 წუთზე კი ივან პეტრიაკს ფანტასტიკური გადაცემა გაუკეთა და მეორე საგოლე პასი მიითვალა.
ცხადია, ჩინებული თამაში ჰქონდა - გოლი, 2 საგოლე გადაცემა და კიდევ ერთ გოლში აქტიური მონაწილეობა... ბუდუ კარგ ფორმაში რომაა, ეს მოსამზადებელ შეკრებაზეც დაამტკიცა გოლების გატანით. ზივზივაძეს უნგრეთის ჩემპიონატში 15 მატჩში 5 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს საკუთარ ანგარიშზე.
„ფეჰერვარმა“ ამ გამარჯვებით 32 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მხოლოდ ლაშა დვალის „ფერენცვაროშს“ ჩამორჩება 7 ქულით.