ფეხბურთი

2:33 | 21.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ესპანეთის თასიდან მე-3 დივიზიონის გუნდმა 10 კაცით გააგდო!

ესპანეთის თასის 1/16 ფინალში უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა. მადრიდის „რეალი“ ასპარეზობას გამოეთიშა და ზინედინ ზიდანის გუნდი ესპანეთის სეგუნდა B დივიზიონის (რანგით მესამე ლიგა) ბინადარ „ალკოიანოსთან“ დამარცხდა!

„სამეფო კლუბმა“ გადახალისებული შემადგელობით ითამაშა, მაგრამ არც ისეთით, რომ ასეთი სამარცხვინო მარცხი განეცადა. პირველი ტაიმის ბოლოს ზიდანის შეგირდები ედერ მილიტაოს გოლით დაწინაურდნენ და კარგა ხანს იგებდნენ.

თუმცა, 1:0 რომ არაფრის გარანტია არ არის, დამტკიცდა. მე-80 წუთზე „ალკოიანომ“ სოლბესის გოლით გაათანაბრა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა.

„რეალმა“ 110-ე წუთზე კიდევ ერთი პლუსი მიიღო, მას შემდეგ, რაც „ალკოიანოს“ ფეხბურთელი გაუძევეს, მაგრამ სწორედ ამის მერე, 5 წუთში, კაცნაკლულმა „ალკოიანომ“ გამარჯვების გოლი გაიტანა. გმირი კაზანოვა გახდა, რომელმაც გადამწყვეტი ბურთი შეაგდო...

ამრიგად, „რეალმა“ მესამე დივიზიონის გუნდთან რიცხობრივ უმრავლესობაში წააგო და ესპანეთის თასს გამოეთიშა. ეს მეორე მძიმე დარტყმაა ზიდანის გუნდისთვის მას მერე, რაც რამდენიმე დღის წინ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალი წააგეს. სხვათა შორის, 2020 წლის 2 მარტს, ესპანურ შეკრებაზე „ალკოიანოს“ ამხანაგურ შეხვედრაში თბილისის „საბურთალომ“ 3:1 აჯობა...

„ალკოიანო“ – „რეალი“ 2:1 დ.დ (1:1)

გოლები: 0:1 მილიტაო (45), 1:1 სოლბესი (80), 2:1 კაზანოვა (115)

0.195614