ფეხბურთი

20:53 | 20.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ვალანსიენის" მწვრთნელი: "ჯაბა ნამდვილი ძრავა და გამოცდილი მოთამაშეა, ჩვენთვის დიდი პლუსია"

ჯაბა კანკავას დებიუტი „ვალანსიენში“ გარკვეული დროით გადადებულია. ქართველ ფეხბურთელს ჯერ საფრანგეთში თამაშის უფლება შესაბამისი დოკუმენტაციით არ მიუღია და ამიტომ გუნდს ვერ ეხმარება. სავარაუდოდ ეს პრობლემა თებერვლის დასაწყისში მოგვარდება. გეტყვით იმასაც, რომ გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე დაიწყო.

იქამდე „ვალანსიენმა“ საფრანგეთის თასზე „შამბლი“ 2:0 დაამარცხა და მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე გეგანმა ჯაბას შესახებ ისაუბრა. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ, რადგან „რეიმსში“ ერთად მუშაობდნენ.

„ვიმედოვნებ, რომ ჯაბა მალე მიიღებს თამაშის უფლება. უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ფეხბურთელებს სხვადასხვა სახის საბურთები სჭირდებათ. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ დროში მაინც გაიწელა. ამ მომენტისთვის თამაშის უფლება არ აქვს. ის არის დაცვითი ნახევარმცველი, რომელსაც Box to box-ის პოზიციაზე თამაში შეუძლია. ის ნამდვილი ძრავაა და გამოცდილია. ჩემთვის მისი დამატება დროულია. ჩვენ მას არც ისე დიდი ხნის წინ შევხვდით და ჩვენი გუნდისთვის ნამდვილად პლუსია, რადგან გამოცდილება და პირველ რიგში ხარისხი გვჭირდებოდა. ჩვენი გუნდი ამ ორი ფეხბურთელით დავაბალანსეთ და ვფიქრობ, რომ ლიგა 2-ში გამორჩეულები იქნებიან. იქნებ მალე სასიამოვნო სიურპრიზიც მივიღოთ“, - თქვა გეგანმა.

შეგახსენებთ, ჯაბა კანკავა „ვალანსიენს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით სეზონის ბოლომდე შეუერთდა. ჯაბა ბოლო სამი სეზონი ყაზახურ „ტობოლში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე ფრანგული „რეიმსისა“ და უკრაინული „დნიპროს“ ღირსებას იცავდა.

„ვალანსიენი“ საფრანგეთის ლიგა 2-ში 19 თამაშში მოპოვებული 27 ქულით მეათე ადგილზეა. გეგანის გუნდი უახლოეს შეხვედრას 23 იანვარს, სტუმრად „შატორუსთან“ გამართავს.

0.114869