ძიუდო

19:47 | 11.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა მარგველაშვილის ბრინჯაოს მედალი დოჰას მასტერსზე

ყატარის დედაქალაქ დოჰაში სტარტი აიღო ძიუდოს მასტერსმა, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე 6 ქართველი გავიდა და მედალი მხოლოდ ერთმა ძიუდოისტმა მოიპოვა.

ბრინჯაოს მედალს 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი დაეუფლა, რომელმაც რუსი მიხაილ პულიაევი, ეგვიპტელი აჰმედ აბელრაჰმანი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ისრაელის წარმომადგენელ ბარუხ შმაილოვთან დამარცხდა. ვაჟა დამაშვიდებელ ტურნირში გადაერთო, სადაც ყაზახი იერლა სერიკჟანოვი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა, იქ კი მოლდოველს დენის ვიერუს სძლია და კვარცხლბეკზე ავიდა.

აგრეთვე 66 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილმა უკრაინელი ბოგდან იადოვი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ რუს არამ გრიგორიანთან თავად წააგო და ასპარეზობა დაასრულა.

60 გილოგრამში ლუხუმ ჩხვიმიანი პირველი წრეში სამხრეთ კორეელ ჯინ კიმ ვონთან ვერაფერს გახდა და მასტერსს გამოეთიშა, ხოლო ამავე წონაში თემურ ნოზაძემ ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს აჯობა და შემდეგ ტაივანელ ვეინ იან იუნთან იწვნია მარცხი.

დოჰას მასტერზე ქართველი ქალი ძიუდოისტებიც გამოვიდნენ. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი და ეთერ ლიპარტელიანი საწყის სტადიაზევე დამარცხდნენ და უმედლოდ დარჩნენ.

0.113762