ვარშავის „ლეგია“ სეზონის მეორე ნაწილისთვის დუბაიში ემზადება, სადაც ამხანაგური მატჩი ჩაატარა და საფეხბურთო გუნდი „ლივა“ 8:0 გაანადგურა. პოლონელთა ქართველმა ლეგიონერმა ვაკო გვილიამ მეორე ტაიმი ითამაშა, გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
გვილიამ თამაშის შემდეგ „ლეგიას“ ვებგვერდთან კომენტარიც გააკეთა და განაცხადა, რომ ახლა მთავარი ფორმაში შესვლაა.
„მწვრთნელმა გვითხრა, რომ ამ ეტაპზე შედეგი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არამედ ფორმაში შესვლა და სწორი ტემპი. მზად უნდა ვიყოთ სეზონის მეორე ნახევრისთვის. ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს და ბევრს ცდილობენ, ეს ძალიან მახარებს. მათ უნდა დავეხმაროთ და ყველაფერი კარგად იქნება. პირადად მე, კარგად ვარ, რამდენიმე თამაში გამოვტოვე, მაგრამ იმედი მაქვს ფორმაში შევალ. დუბაიში ყველაფერია, რომ სწორად ვიმუშაოთ, ამინდიც ხელსაყრელია“, - თქვა გვილიამ.
აქვე გეტყვით, რომ „ლეგია“ ექსტრაკლასაში 14 ტურის თავზე 29 ქულით ლიდერია, მაგრამ უახლოეს მდევრებს, „რაკოვსა“ და „პოგონს“ მხოლოდ ქულით უსწრებს. გვილიამ მიმდინარე სეზონში პოლონეთის ჩემპიონატში 9 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია, გასულ სეზონში კი თავი 10-ჯერ გამოიჩინა.