გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურში „შალკე“ ზინსჰეიმის „ჰოფენჰაიმი“ 4:0 გაანადგურა და ერთწლიან კოშმარს წერტილი დაუსვა. „ხუმარებმა“ ბუნდესლიგაში ზუსტად 359 დღის შემდეგ პირველად მოიგეს!
ამ მატჩამდე „შალკეს“ გერმანიის ჩემპიონატში 30-მატჩიანი(!) მოუგებელი სერია ჰქონდა (10 ფრე, 20 მარცხი). გელზენკირხენულ გუნდს დღემდე ბოლო გამარჯვება 2020 წლის 17 იანვარს მეპოვებინა, როდესაც შინ „გლადბახი“ 2:0 დაამარცხა.
კატასტროფულ და პრაქტიკულად წარმოუდგენელ სერიას „შალკემ“ წერტილი დღეს დაუსვა და ეს 19 წლის ამერიკელი ფეხბურთელის, მეთიუ ჰოუფის დამსახურებაა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო მეოთხე გოლი ამინე ჰარიტის ანგარიშზეა.
გელზენკირხენის „შალკე“ ბუნდესლიგაში 15 ტურის შემდეგ 7 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და სამშვიდობო ზონაში მყოფ „კიოლნს“ 4 ქულით ჩამორჩება.