„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი „ბილბაოსთან“ (3:2) გამარჯვებით კმაყოფილი დარჩა და განაცხადა, რომ მისი გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში შესანიშნავად გამოიყურებოდა. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, "ბარსა" ვითარდება.
„ძალიან კმაყოფილი ვარ. ყოველთვის კონცენტრირებული ვიყავით თამაშზე, 0:1-ზეც კი. პირველი გოლი არაორგანიზებულობის გამო გავუშვით, მაგრამ ამის შემდეგ შესანიშნავად ვითამაშეთ. ლეოს არ გაუმართლა, მეტი გოლის გატანა შეეძლო, ორჯერ ბურთი ძელს მოხვდა. ის ყოველთვის უმაღლეს დონეზე მუშაობს და ასე იყო ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა უფრო ეფექტურია.
ტიტულების მოგების შანსი დაკარგული არ არის, რადგან სეზონი გრძელია. შეიძლება იყოს აღმართი და დაღმართი, ლა ლიგა ძალიან კონკურენტუნარიანია და კლუბებს მძიმე კალენდარი აქვთ. ძალიან რთულია მთელი სეზონი სტაბილურობის შენარჩუნბა. სხვა მატჩებში მეტი ქულის მოპოვებას ვიმსახურებდით. გამარჯვებები საკუთარი თავის რწმენაზე გავლენას ახდენს. ახლა ჩემი გუნდი ვითარდება და უფრო თავდაჯერებული ხდება“, - განაცხადა კუმანმა.
შეგახსენებთ, „ბარსელონა“ 31 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერ „ატლეტიკოს“ 7 ქულით ჩამორჩება (ორი მატჩით მეტიც აქვს ჩატარებული).