დაკარის რალი მარათონის სამი ეტაპის შემდეგ, პოპულარული რბოლის მრავალგზის გამარჯვებული, ფრანგი სტეფან პეტერანსელი (მინი) ლიდერობს. მესამე ეტაპის შემდეგ, მას წამოეწია დაკარის სამგზის ჩემპიონი, ყატარელი ნასერ ალ-ატია (ტოიოტა), რომელმაც პირველ ეტაპზე ბევრი დრო დაკარგა, მაგრამ მეორე და მესამე ეტაპები მოიგო და ახლა „მისტერ დაკარს“ 5 წუთზე ოდნვ მეტით ჩამორჩება.
მესამე ეტაპზე ჯერ დაკარის სამხრეთაფრიკელი დებიუტანტი ჰენკ ლატიგენი (ტოიოტა) დაწინაურდა, შემდეგ მას საუდელმა იაზიდ ალ რაჯიმ (ოვერდრაივი) გადაასწრო, ეს კი მოქმედმა ჩემპიონმა, კარლოს საინსმა (იქს-რეიდ მინი) ჩამოიტოვა. მაგრამ ბოლოს ყველას ალ-ატიამ გაასწრო და ფინიშთანაც პირველი მივიდა. პეტერანსელი, ვისაც რბოლისას ბორბალი დაეშვა, გამრჯვებულს ოთხი წუთით ჩამორჩა და ფინიშს მესამემ მიაღწია. მეორე ადგილი ლატიგენმა დაიკავა.
რალის ცხრაგზის ჩემპიონ სებასტიან ლოებისთვის მარათონი პრობლემებით დაიწყო, მაგრამ მესამე ეტაპზე მან დანაკარგის ნაწილი ამოქაჩა და ფინიშს მეექვსემ მიაღწია. ის საერთო კლასიფიკაციაშიც ჯერჯერობით მეექვსეა. ლოებისთვის ეს მეხუთე დაკარია. ფრანგი მრბოლი (BRX) ლიდერს 45 წუთით ჩამორჩება.
საინსს პრობლემები ჰქონდა - ჯერ მარშრუტს ასცდა, მერე კი ბორბალი დაუზიანდა. საბოლოოდ, ფინიშთან მე-19 მივიდა და საერთო კლასიფიკაციაში, მეორედან მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა. ესპანელი პეტერანსელს 33 წუთით ჩამორჩება.