ავტოსპორტი

11:37 | 5.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის ახალი სეზონის დაწყება შეიძლება გადაიდოს

არაა გამორიცხული, რომ ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონის დაწყება გადაიდოს. საქმე ისაა, რომ ავსტრალიის დიდი პრიზი, რომელიც კალენდარში პირველი ეტაპია, ალბათ გადაიდება. ამის მიზეზი, კორონავირუსის პანდემიაა.

ავსტრალიის დიდი პრიზის რბოლა მელბურნში, 21 მარტს არის დანიშნული. მაგრამ პანდემიის შესაკავებლად, მელბურნში და შტატ ვიქტორიაში, მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, რამაც შესაძლოა, იქ გუნდების ჩასვლას და მუშაობას ხელი შეუშალოს. ეს კი რბოლის გადადების, ან საერთოდ, გაუქმების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ავსტრალიაში ჩასასვლელად, გუნდების პერსონალს და ოფიციალურ პირებს, 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევვთ. არის მეორე ვარიანტიც - ჩარტერული რეისებით ჩაფრენა და ეგრეთ წოდებულ ბიოსფეროებში ოპერირება, როგორც აბუ დაბის რბოლისას იყო. ორივე შემთხვევაში, გუნდებს რთული ლოგისტიკური და ფინანსური წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევთ.

არის მეორე სირთულეც - ალბერტ პარკში ტრასის მომზადება, იანვრის ბოლოს უნდა დაიწყოს, რათა რბოლისთვის რამე მოულოდნელობა გამოირიცხოს. ამიტომ, ორგანიზატორებმა რბოლის გამართვაზე საბოლოო გადაწყვეტილება, უახლოეს ორ კვირაში უნდა მიიღონ. ბილეთების გაყიდვა საერთოდ არ იგეგმება.

თუ ავსტრალიის დიდი პრიზი გადაიდება, ის შესაძლოა სეზონის მეორე ნახევრისთვის გადაიტანონ. ოღონდ, ამ შემთხვევაში, ჩემპიონატის ორგანიზატორებს სხვა რბოლების გადაადგილება მოუწევთ, რაც კალენდრის სიმჭიდროვის გამო, რთული იქნება.

ცნობისათვის, სეზონის მეორე ეტაპის, ბაჰრეინის დიდი პრიზის რბოლაზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ის 28 მარტს არის დანიშნული. და თუ მელბურნის რბოლა გადაიდება, სეზონს სწორედ ბაჰრეინი გახსნის. ამიტომ, გუნდებისთვის წინასასეზონო ტესტების ადგილად, ყველაზე მიმზიდველი ადგილი, სწორედ სახირის ტრეკი იქნება.

0.129198