ფეხბურთი

18:03 | 2.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯი ბუფონი მეკარეების გამოკითხვით ყველა დროის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

„იუვენტუსის“ ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ყველა დროის საუკეთესო მეკარედ დასახელდა - ნიშანდობლივია, რომ მისი კოლეგების, მეკარეების გამოკითხვით.

Gazzetta Dello Sport-მა მსოფლიოს მასშტაბით 18 მოქმედი თუ ყოფილი კარის დარაჯი გამოკითხა და უმეტესობამ არჩევანი 42 წლის იტალიელზე შეაჩერეს, რომელიც სამ კვირაში 43 წლის ხდება, მაგრამ აქტიურ კარიერას აგრძელებს. გავლენიანმა იტალიურმა გამოცემამ ისეთი მეკარეები გამოკითხა, როგორებიც მანუელ ნოიერი, სანტიაგო კანისარესი, რუშთუ რეჩბერი, ჟულიო სეზარი, მიშელ პრიუდომი, თომას რაველი, დინო ძოფი და პეტერ შმეიხელი არიან.

ბუფონის შესახებ მისმა სხვა კოლეგებმა ასეთი კომენტარები გააკეთეს:

რუშთუ რეჩბერი (თურქეთი)

„იაშინი არასდროს მინახავს, უბრალოდ ვუსმენ რას ამბობს მასზე მსოფლიო. დროთა განმავლობაში ეს სპორტი შეიცვალა, მეკარეებიც კი. ბუფონს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მისი პროფესინალიზმი უნიკალურია და გასაკვირი არაა, რომ კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობს“.

მისი ხმა ყველა დროის საუკეთესოს: პეტერ შმეიხელი

ვიაჩესლავ მალაფეევი (რუსეთი)

„ჩვენთვის, რუსებისთვის იაშინი ლეგენდაა, მაგრამ ჯიჯის კლასი უფრო მაღალია, ის დროის გამოცდას უძებს, 42 წლისაა და თამაშობს. მაგალითია ბავშვებისთვის მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენთვისაც. ის არის ფეხბურთის ასაკის ხატი. მე მას 2008 წელს ჩემპიონთა ლიგაზე შევხვდი და ტურინში 0:1 წავაგეთ. თამაშის შემდეგ ხელი ჩამოვართვი“.

მისი ხმა ყველა დროის საუკეთესოს: ჯანლუიჯი ბუფონი

ალექს მანინგერი (ავსტრია)

„ჩვენ ყოველთვის ძალიან ახლოს ვართ და ჯერ კიდევ გვაქვს კონტაქტი. ჯიჯი კერპია, უნიკალურია გასახდელში და თუ მეკითხებიან, ვის უნდა მივბაძო, მხოლოდ ბუფონს ვამბობ. შეიცვალა თანამედროვე ფეხბურთი, უფრო სწრაფია, მაგრამ ჯიჯი ისევ აქ არის. მან იცის, რა არის საჭირო გამარჯვებისთვის. გარკვეული დროის განმავლობაში ორი კილოგრამი მოიმატა და ტრავმები ჰქონდა, მაგრამ ყოველთვის პოულობდა გზას, რომ სწორ გზაზე დაბრუნებულიყო. ახლა ის მითია, ლეგენდა“.

მისი ხმა ყველა დროის საუკეთესოს: ჯანლუიჯი ბუფონი

მანუელ ნოიერი (გერმანია)

„ჯიჯი წარმოუდგენლად დიდი ადამიანია, საოცარი თვისებები აქვს. ჩემთვის ის ყოველთვის იყო მაგალითი, არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთ. შესანიშნავი მეკარე ფენომენალური რეფლექსებით. სიგიჟეა, რაც მან ბოლო 26 წლის განმავლობაში გააკეთა“.

მისი ხმა ყველა დროის საუკეთესოს: ჯანლუიჯი ბუფონი და ლევ იაშინი თანაბრად.

პეტერ შმეიხელი (დანია)

„ჯიჯი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, რომელმაც ეს პოზიცია განაახლა. ყველა ჩვენგანმა დავამკვიდრეთ სიახლეები სხვადასხვა სტილით. საუკეთესო? ძალია რთული კითხვაა.

მისი ხმა ყველა დროის საუკეთესოს: თავი შეიკავა

მიშელ პრიუდომი (ბელგია)

„ყოველთვის ძალიან მომწონდა ბუფონი. დიდი პროფესიონალი უზარმაზარი ქარიზმით, რომელიც ნებისმიერ ხარისხს სცდება. თუმცა, ბავშვობაში ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას იაშინი ახდენდა“.

მისი ხმა ყველა დროის საუკეთესოს: ლევ იაშინი

დინო ძოფი (იტალია)

„1995 წლიდან ჯიჯი ტოპმეკარეა. ახალგაზრდობაშიც უდიდესი იყო. მისი უდიდესი მიღწევაა სტაბილურობა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რთულია სხვადასხვა ეპოქების შედარება“.

მისი ხმა ყველა დროის საუკეთესოს: მაიერი, ბენქსი, იაშინი და ბუფონი

ჟულიო სეზარი (ბრაზილია)

„უკეთესი მეკარე ბუფონის წყალობით გავხდი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იტალიაში გადავედი. ჯიჯი მაგალითია, მოტივაცია იყო და მისი გაკვეთილების შედეგად ყოველდღე ვიზრდებოდი“.

მისი ხმა ყველა დროის საუკეთესოს: ჯანლუიჯი ბუფონი და შემდეგ კლაუდიო ტაფარელი და როჟერიო სენი

ტომას ნკონო (კამერუნი)

"ჯიჯის ამბავი სიყვარულისა და მსხვერპლის ისტორიაა. ვერ ითამაშებ 27 წელი სერია A-ში თუ დიდ ძალისხმევას არ დახარჯავ, თუ არ გიყვარს შენი საქმე. უნდა იზრუნო კვებაზე, დასვენებაზე, ფიზიკურ დატვირთვაზე. ამის გაკეთებას გიბიძგებს სიყვარული და მსხვერპლის გაღება საქმისადმი, რომელსაც აკეთებ. ამაში ჯიჯი სამაგალითოა“.

მისი ხმა ყველა დროის საუკეთესოს: თავი შეიკავა

სანტიაგო კანისარესი (ესპანეთი)

"ჯიჯი, მადლობა იმისთვის, რაც გააკეთე ჩემს თვალწინ. შენი გულით და ძალისხმევით ყველა იმ ადამიანისთვის მაგალითი ხარ, ვინც იბრძვის და ყველაფერს აკეთებს, უმაღლეს დონეზე დასარჩენად. რაც დრო გადის, ყოველ წელს უფრო რთულია ფორმის შენარჩუნება, მაგრამ შენ ყოველთვის აქ ხარ. ფეხბურთის ისტორიაში ათამდე საუკეთესო მეკარეა, თუმცა როგორც ესპანელი იკერ კასილიასს ავირჩევ, რადგან ძლიერი იყო. თუმცა, სხვადასხვა ეპოქების შედარება შეუძლებელია“.

მისი ხმა ყველა დროის საუკეთესოს: იკერ კასილიასი

გაბორ კირალი (უნგრეთი)

"მე და ბუფონმა პირველად ერთმანეთის წინააღმდეგ 1995 წელს 21-წლამდე ნაკრებებში ვითამაშეთ და აშკარა იყო, რომ ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი იყო. მას შემდეგ მან უამრავი რამ გააკეთა და დიდი გამოცდილებაც შეიძინა. მას საოცარი დამოკიდებულება აქვს, ჰგავს კარგ ღვინოს: რაც უფრო ძველდება, უკეთესი ხდება“.

მისი ხმა ყველა დროის საუკეთესოს: თავი შეიკავა

ირჟი დუდეკი (პოლონეთი)

„ბუფონი ძალიან ახლოსაა იაშინთან, რომელიც ჩემთვის ყველაზე მაღლა რჩება. ჯიჯი და კასილიასი კი პოდიუმზე იმყოფებიან. მე ვირჩევ იაშინს, ის წინამორბედი იყო და უკვე სრულყოფილი“.

მისი ხმა ყველა დროის საუკეთესოს: ლევ იაშინი

თომას რაველი (შვედეთი)

„ბუფონს ყველაზე ხანგრძლივი კარიერა ჰქონდა. მან შეძლო თავისი თავის ადაპტირება ფეხბურთის ცვლილებასთან. ეს წარმოუდგენელია. მისი თანმიმდევრულობა არავის ჰქონდა ამ წლების განმავლობაში. ის ყოველთვის პოულობს მოტივაციას და საინტერესოა, რა უბიძგებს თამაშისკენ. მე გავჩერდი, რადგან მივხვდი, რომ აღარ შემეძლო განვითარება“.

მისი ხმა ყველა დროის საუკეთესოს: ჯანლუიჯი ბუფონი

ბერნარ ლამა (საფრანგეთი)

„ბუფონს დიდი ხანგრძლივობა აქვს უმაღლეს დონეზე. მე ვაფასებ მის ქარიზმას, გაუძლო თაობებს და მოიგო თითქმის ყველაფერი. თუმცა, მაინტერესებს, კიდევ რატომ აგრძელებეს თამაშს“.

მისი ხმა ყველა დროის საუკეთესოს: თავი შეიკავა

ანტონის ნიკოლოპიდისი (საბერძნეთი)

„ბუფონი პირველად ამხანაგურ მატჩში ვნახე, როდესაც „პანათინაიკოსში“ ვთამაშობდი. ჯიჯი „პარმაში“ თამაშობდა და 19 წლის იყო. მე ყოველთვის ძალიან მომწონდა ის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი წლის განმავლობაში მუდმივად უმაღლეს დონეზე თამაშობს. საოცარია, რამდენი ხანი იყო სათავეში. ამიტომ, ის არის ჩემი ნომერი 1“.

მისი ხმა ყველა დროის საუკეთესოს: ჯანლუიჯი ბუფონი

ფერნანდო მუსლერა (ურუგვაი)

„ბუფონმა ეპოქა შექმნა, არავინ იცის, როდის დაასრულებს კარიერას. მე გამიმართლა, რომ მასთან ვითამაშე და მასთან მცირე მეგობრობაც ჩემთვის საოცნებო იყო, ჩემს ცუდ მომენტებში ყოველთვის არსებობდა მისი რამდენიმე სიტყვა, რომელიც მამხნევებდა. ვამაყობ, რომ მის წინააღმდეგ ვითამაშე საკლუბო და სანაკრებო დონეზე. ის შესანიშნავი ადამიანი და საოცარი მეკარეა“.

მისი ხმა ყველა დროის საუკეთესოს: ჯანლუიჯი ბუფონი

ხორხე კამპოსი (მექსიკა)

„ბუფონი დიდია, უსასრულო, როგორც ოსკარ პერესი მექსიკის მითიური მეკარე. იმედგაცრუება იყო, როდესაც შვედეთმა იტალიას მოუგო და მეექვსე მუნდიალზე ვერ ითამაშა. ჩემთვის საუკეთესო? „ოქროს ბურთის“ მოგება მნიშვნელოვანია, ეს განსხვავებას ქმნის“.

მისი ხმა ყველა დროის საუკეთესოს: ლევან იაშინი

იან იანგბლოედი (ნიდერლანდები)

„ბუფონი შესანიშნავი მეკარეა, ძალიან ძლიერი. სხვადასხვა მეკარეების შედარება რთულია. ყველა დროის ჩემი რჩეული სხვა იტალიელია - დინო ძოფი“.

მისი ხმა ყველა დროის საუკეთესოს: დინო ძოფი

აქვე გეტყვით, რომ არცერთ იტალიელს დიდ ფეხბურთში 26 წელი არ უთამაშია. ჯიჯის პროფესიონალური კარიერა 1995 წელს დაიწყო და დღესაც მაღალ დონეზე ირჯება. მის ეპოქაში იცვლებოდნენ მეკარეები კასილიასიდან ჩეხამდე, ნოიერიდან ობლაკამდე და ალისონამდე, მაგრამ ბუფონი ყოველთვის იქ იყო...

0.129569