ავტოსპორტი

23:29 | 31.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

დაკარის რალის მონაწილეები სტარტისთვის მზად არიან

დაკარის რალი მარათონი, 2021 წლის პირველი დიდი რბოლა, მისი მონაწილეები, გუნდები და ორგანიზატორები, სტარტისთვის მზად არიან. შარშანდელის მსგავსად, რბოლა ამჯერადაც საუდის არაბეთის უდაბნოში გაიმართება. სტარტი ქალაქ ჯედაში კვირას, 3 იანვარსაა, ფინიში კი იქვე - 15 იანვარს. 11-კილომეტრიანი პროლოგი ასევე ჯედაში, სტარტამდე ერთი დღით ადრე გაიმართება.

პროლოგის დანიშნულება, სტარტზე ეკიპაჟების რიგითობის დადგენაა. რბოლის მონაწილეებს საგზაო წიგნები ყოველი ეტაპის სტარტამდე 10 წუთით ადრე დაურიგდებათ. არის განსაკუთრებით სახიფათო მონაკვეთები, რომლებზეც მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/სთ-ით შეიზღუდება. გარდა ამისა, მოტობაიკებით მოასპარეზეებისთვის სავალდებულოა აირბალიშიანი კომბინეზონების გამოყენება.

ახალ ნავიგატორთან ერთად მოუწევს ასპარეზობა ესპანელ ნანი რომას, ვისაც დაკარი მოტოციკლებითაც აქვს მოგებული და ავტომობილებითაც. მის ძველ ნავიგატორს, თანამემამულე დანი ოლივერასს კორონავირუსი აღმოაჩნდა, რის გამოც მას ფრანგი ალექს ვინოში შეცვლის. რომა „ბაჰრეინ რაიდ იქსტრიმის“ გუნდთან ერთად იასპარეზებს და მისი თანაგუნდელი, რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოებია. მისი ნავიგატორი ისევ დანიელ ელენაა. ლოებს ადრე საუდის არაბეთში არასდროს უასპარეზია, მაგრამ ეს მისთვის პირველი დაკარი არაა. რალი მარათონში ის მაშინ ასპარეზობდა, როცა ის სამხრეთ ამერიკაში იმართებოდა და 2017 წელს, „პეჟოს“ ეკიპაჟით მეორე ადგილი დაიკავა.

დაკარის სამგზის გამარჯვებული და რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი კარლოს საინსი „იქს-რაიდ მინის“ გუნდთან ერთად ასპარეზობს. სტარტზეა დაკარის პირველი ამერიკელი ჩემპიონი (მოტობაიკებში) რიკი ბრაბეკი. ის თვლის, რომ მოტოციკლებისთვის შემოღებული ახალი წესები, მათ რბოლებს კიდევ უფრო სახიფათოს ხდის. მას არ მოსწონს წესი, რომლის შესაბამისადაც, ყოველმა მოტომრბოლმა 12-დღიან რბოლაში მხოლოდ 6 უკანა ბორბალი უნდა იმყოფინოს. მოქმედი ჩემპიონი ამბობს, რომ ამ წესის გამო, მრბოლებს დაზიანებული ბორბლებითაც მოუწევთ ასპარეზობა, რაც ხიფათს უფრო გაზრდის.

0.177494