ფეხბურთი

20:50 | 31.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხედირა განრისხებულ ბუფონზე: "მსგავსი არაფერი მინახავს, გასახდელში ყველაფერი დაფრინავდა"

„იუვენტუსის“ ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა სამი ხედირამ ჯანლუიჯი ბუფონთან დაკავშირებული ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც ჯიჯი წაგების გამო გასახდელში განრისხებული იყო.

საქმე ეხება 2015-2016 წლების სეზონს, რომელიც „იუვემ“ საშინლად დაიწყო, მე-10 ტურში „სასუოლოსთან“ წააგო (0:1) და 10 ტურში მხოლოდ 12 ქულა ჰქონდა მოპოვებული, ლიდერ „რომას“ კი 11 ქულით ჩამორჩებოდა.

„მსგავსი რამ არასდროს არსად მინახავს. ყველაფერი ყველგან დაფრინავდა, ფრთხილად უნდა ყოფილიყავი რომ არ მოგხვედროდა. ჯიჯის თავისი საქმე ისე უყვარს, როგორც არავის“, - თქვა ხედირამ The Atletic-თან ინტერვიუში.

სწორედ „სასუოლოსთან“ მარცხი და ბუფონის რეაქცია გამოდგა გარდამტეხი. „იუვენტუსმა“ იმ მატჩს შემდეგ წარმოუდგენელი შედეგები აჩვენა, ჯერ ზედიზედ 15 თამაში მოიგო, რასაც 1 ფრე მოჰყვა („ბოლონიასთან“ 0:0) და შემდეგ ისევ ზედიზედ 10 გამარჯვება. „სასუოლოსთან“ წაგების შემდეგ ტურინელებმა სეზონის ბოლომდე 28 თამაში ჩაატარეს, საიდანაც 26(!) მოიგეს და ერთხელ წააგეს, ისიც ბოლოსწინა ტურში, უკვე ჩემპიონის რანგში. სწორედ ამ შუალედში „იუვენტუსმა“ ზედიზედ 10 თამაში გოლი არ გაუშვა და ჯანლუიჯი ბუფონმა სერია A-ს რეკორდი დაამყარა - იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე დიდხანს შეინახა კარი მშრალად (974 წუთი).

0.11753