კალათბურთი

2:25 | 31.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგაში ზედიზედ მე-12 თამაში მოიგო

2020 წელი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა თორნიკე შენგელიას ცსკა-მ, რომელსაც ევროლიგაში ბრწყინვალე სერია აქვს და უკვე ზედიზედ 12 თამაში მოიგო. მოსკოველები მე-17 ტურის ეგიდით მილანში, „ოლიმპიას“ დაუპირისპირდნენ და მძიმე ბრძოლაში, მაგრამ მოიგეს 91:87.

მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა, რადგან ოთხი პერიოდის შემდეგ ფრე (80:80) დაფიქსირა, მაგრამ დამატებით 5-წუთიან მონაკვეთში რუსულმა გუნდმა მეტოქეს გამარჯვება მაინც არ დაანება.

თორნიკე შენგელიამ 14:48 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, აი, სამქულიანი და საჯარიმო არ უსვრია და შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12 გამოდგა. მოსკოვური გუნდის რიგებში ნიკოლა მილუტინოვი 17 ქულით და 19 მოხსნით, მაიკ ჯეიმსი 20 ქულით და 11 პასით და დანიელ ჰაკეტი 19 ქულით და 5 მოხსნით გამოირჩნენ.

მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგაში 17 ტურის თავზე 14 გამარჯვების საპირისპიროდ 3 მარცხი აქვს და ცხადია, ლიდერია. მომდევნო ტურში 7 იანვარს, „არმიელები“ სტუმრად თორნიკე შენგელიას ყოფილ გუნდს, „ბასკონიას“ ესტუმრებიან.

0.216654