ფეხბურთი

13:50 | 29.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

GFF Awards 2020 - საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველ წლიური დაჯილდოება GFF Awards მიმდინარე წელს პანდემიის და საკარანტინო რეგულაციების გამო, შეცვლილი ფორმატით გაიმართა. 2020 წლის საუკეთესოთა გამოვლენა 29 დეკემბერს 11:00 საათიდან ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი გამოვლენით დაიწყო და 13:30 საათზე საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებით დასრულდა.

2020 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა.

2020 წლის საქართველოს ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი - დავით ბობოხიძე

ნომინანტები: დავით ბობოხიძე (თსუ), ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრები), ბესო ზოიძე (კპრფ, რუსეთი)

2020 წლის საქართველოს ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - სიმი საიოტი

ნომინანტები: სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (პეტროვი, ლატვია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი)

2020 წლის ქალთა საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჩხაიძე (ქსკ ლანჩხუთი)

2020 წლის საუკეთესო მსაჯი - გიორგი კიკაჩეიშვილი 2020 წლის საუკეთესო გოლი - ხატია ჭყონია (ქსკ „ლანჩხუთი“)

მიმდინარე წლის საუკეთესო ქართული გოლი ღია გამოკითხვით შეირჩა. გულშემატკივართა ხმების უმეტესობა "ლანჩხუთის" თავდამსხმელის ხატია ჭყონიას გოლმა დაიმსახურა, რომელიც მან უეფას ჩემპიონთა ლიგაზე რუმინულ "კლუჟს" გაუტანა.

2020 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ლუკა ლოჩოშვილი (ვოლსფბერგერი, ავსტრია)

2020 წლის საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ხატია ჭყონია (ქსკ ლანჩხუთი)

ნომინანტები: ხატია ჭყონია (ქსკ ლანჩხუთი), ნინო პასიკაშვილი (სკ კვარტალი), თათია გაბუნია (ქსკ ლანჩხუთი)

GFF Awards 2020-ის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ზვიად დარასელს, დურმიშხან ჩხაიძეს და ვლადიმერ ონიანს სპეციალური ჯილდოები გადასცა.

ზვიად დარასელი

ზვიად დარასელი 40 წელზე მეტია აქტიურად არის ჩართული საფეხბურთო საქმიანობაში. 70-იან და 80-იანი წლებში, საქართველოს ფეხბურთის სამმართველოში განყოფილების გამგის პოზიციას იკავებდა. გახლდათ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, სსრკ-ის ფეხბურთის კავშირიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოყოფის. ასევე, გახლავთ ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1990 წლიდან მუშაობს ფეხბურთის ფედერაციაში, სადაც სადისციპლინო კომიტეტის წევრია.

დურმიშხან ჩხაიძე

დურმიშხან ჩხაიძე წლების მანძილზე გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლდათ. ქართული ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი პირველი კლუბი, "ლანჩხუთი" სწორედ დურმიშხან ჩხაიძის დაარსებულია. ლანჩხუთელებმა 2020 წელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზეს.

ვოვა ონიანი

ონიანი 1948 წელს სვანეთში დაიბადა, თუმცა შემდგომ წლებში ლაგოდეხში დაფუძნდა, სადაც მისი ცხოვრება ფეხბურთს დაუკავშირდა. სხვადასხვა დროს იცავდა - რუსთავის მეტალურგის, ლაგოდეხის ჰერეთის და ლვოვის კარპატის ღირსებას. ვოვა ონიანი 1981 წლიდან სამწვრთნელო საქმეშია და ეროვნული ნაკრების არაერთი კანდიდატი ჰყავს აღზრდილი. დღეს ლაგოდეხში ცხოვრობს, სადაც 50 ვაჟ და 20 გოგონა დამწყებ ფეხბურთელს ავარჯიშებს.

GFF Awards 2020-ზე სპეციალური პრიზი ასევე გადაეცა მიმდინარე წელს მასობრივი ფეხბურთის აქტივობით გამორჩეულ - ლევან ხურცილავას.

ლევან ხურცილავა

ხობის კოლხეთის ყოფილი ფეხბურთელი, ლევან ხურცილავა მშობლიურ რეგიონში წლების მანძილზე აქტიური საფეხბურთო ფუნქციონერია. ხურცილავა, ამჟამად ხობის კოლხეთის ბავშვთა გუნდში მუშაობის გარდა, დამწყებ ფეხბურთელებს სოფელ ხეთასა და მიმდებარე სოფლებშიც ავარჯიშებს. ასევე, ვეტერანი მოთამაშე ხეთის სამოყვარულო გუნდის დამფუძნებელი და მენეჯერია. ლევან ხურცილავას ინიციატივით, ხეთის მოყვარულთა გუნდი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სფფ-ის მოყვარულთა გუნდების განვითარების პროექტში ‘Club Development’-ში ჩაერთო. A ლიცენზიის მქონე მწვრთნელი, პირადად უვლის სოფელ ხეთაში არსებულ მოედანს, რომელსაც 2020 წელს სფფ-ის „ვილიჯ არენას“ პროექტის ფარგლებში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

2020 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია

ნომინანტები: ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველ წლიურ დაჯილდოვებამდე, ასევე შეცვლილი ფორმატით, კრისტლაბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 2020 წლის სეზონის საუკეთესოები გამოვლინდნენ.

თეგებიGFF Awards
0.121397