ფეხბურთი

22:55 | 25.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი: "წარმატების მისაღწევად სტაბილურობაა საჭირო"

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი აღნიშნავს, რომ პრემიერლიგის ტიტულისთვის მისი გუნდი ჯერჯერობით პრეტენდენტი არაა და ჩემპიონობას ნელ-ნელა უნდა მიაღწიონ. აღნიშნული განცხადება ინგლისელმა სპეციალისტმა Sky Sports-თან საუბრისას განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ "ჩელსი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსან "ლესტერს" ორი ქულით ჩამორჩება, კლუბს ჩემპიონატში მაინც წარუმატებელი სერია აქვს. საქმე იმაშია, რომ რომან აბრამოვიჩის სათავეში მოსვლის შემდეგ, "ჩელსიმ" მეორედ აჩვენა ცუდი სტარტი და 14 მატჩში 25 ქულა დააგროვა. ამჟამად, ლონდონელები ცხრილში მეხუთე ადგილზე არიან. ამაზე ნაკლები ქულა "არისტოკრატებს" 2015/16 წლების სეზონის დასაწყისში ჰქონდა და მაშინ გუნდს ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობდა. მიუხედავად კლუბისთვის ცუდი სტატისა, ლამპარდს გასული სეზონის მეოთხე ადგილი იმედს აძლევს.

"ბედნიერი ვარ, მაგრამ მწვრთნელებს ყოველთვის მეტი გვინდა. რეალობა კი ასეთია, სეზონის დასაწყისში რამდენიმე ახალი და ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა. ასევე, გვაკლდა წინასასეზონო მომზადება და დასაწყისის შედეგებს თუ გადახედავთ კარგი და ცუდი ასპარეზობა გვქონდა. ამის შემდეგ კარგი სვლა გვქონდა და თამაში გავაუმჯობესეთ. გვინდა, რომ ტიტული ჩვენთვის გამოწვევა იყოს, მაგრამ ჩემპიონობას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივაღწიოთ. რამდენიმე ეტაპი ამისთვის უკვე გავიარეთ და ვგრძნობ, რომ უფრო მეტი პოტენციალი გვაქვს.

ამ სეზონმა აჩვენა, რომ გუნდების უმრავლესობას მძიმე პერიოდები ჰქონდა, რაც მომზადებასთან იყო კავშირში. სეზონისთვის მომზადება იყო ის ასპექტი, რაც გვაკლდა. ჩვენ მოკლევადიან პერიოდზე უნდა ვიფიქროთ, რადგან თამაშები გველოდება და დიდი რეაქციები არ უნდა გამოვხატოთ წაგების, მოგების ან წაუგებელი სერიის დროს. ჩვენი მიზანია ეტაპობრივად განვითარება და ამაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული. გასულ სეზონში მეოთხე ადგილი პოზიტიური შედეგი იყო გარემო პირობების გათვალისწინების ფონზე, მაგრამ ყოველი სეზონი განსხვავებულია და ჩვენს გარშემო კლუბები ძლიერდებიან.

ჩვენ რამდენიმე ფეხბურთელი ვიყიდეთ და რამდენიმე მათგანს დრო სჭირდება, ასე რომ გრძელვადიან გეგმებს არ ვისახავ. ვცდილობთ ის სხვაობა რაც ამ წლების განმავლობაში "ლივერპულთან" და "მანჩესტერ სიტისთან" გვქონდა, შევამციროთ სტაბილური თამაშით. გვქონდა სტაბილური თამაშები და კარგ ფორმაშც ვიყავით, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და უფრო მეტი სტაბილურობაა საჭირო წარმატების მისაღწევად."

"ჩელსის" 2019 წლის თებერვლის შემდეგ პრემიერლიგის გასვლითი სამი შეხვედრა ზედიზედ წაგებული არ აქვს და შესაძლოა ეს "შედეგი" გუნდმა ხვალ "არსენალთან" შეხვედრაში გაიმეოროს. ფრენკის შეგირდებმა უკვე წააგეს "ევერტონთან" და "ვულვზისთან".

"პრემიერლიგაში თუ ცოტათი მოდუნდები და შეეშვები ბრძოლას, რაც ჩვენ მოგვივიდა, აუცილებლად წააგებ. ეს იყო ჩვენთვის მწარე გაკვეთილი, განსაკუთრებით "ვულვზისთან" მარცხი."

"ჩელსი" შაბათს "არსენალს" შეხვდება, რომელიც სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა და გუნდის თავკაცი მიკელ არტეტა გაშვების ზღვარზეა. შესაძლოა აღნიშნულმა მატჩმა ესპანელის ბედიც კი გადაწყვიტოს, მაგრამ ლამპარდი ფიქრობს, რომ მის ახალგაზრდა კოლეგას თავის გამოსაჩენად დრო მიეცემა.

"ჩელსი" და "არსენალი" ჩემგან და არტეტასგან ბევრ ელიან. მე არ ვფიქრობ, რომ ესპანელი ახალგაზრდა მწვრთნელია, იგი ძალიან ნიჭიერია და ჩვენ გვინახავს ისეთი კლუბები, სადაც მწვრთნელებს ძლიერი გუნდი 3-4 წელიწადში ჩამოუყალიბებიათ. მოწინავე კლუბები "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპულია", ხოლო ჩვენ გვაქვს დრო, რათა გავაძლიეროთ შემადგენლობა."

26 დეკემბერს პრემიერლიგაში "ბოქსინგ დეი" იწყება და მე-15 ტურის შეხვედრაში "არსენალი" "ჩელსის" მიიღებს. ლონდონური დერბი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

0.073234