ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ შესაძლოა 2021 წელს კოპა ამერიკაზე "სელესაოს" სარეზერვო გუნდი ათამაშოს. აღნიშნულ ინფორმაციას გაზეთი O Globo ავრცელებს.
ბრაზილიის ნაკრებს 2021 წელს მაქსიმუმ 18 მატჩი აქვს ჩასატარებელი. "სელესაომ" მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე 10 შეხვედრა აუცილებლად უნდა გამართოს, ხოლო თუ კონტინენტის პირველობაზე ფინალში გავა, მაშინ მაქსიმუმ რვა შეხვედრის ჩატარება მოუწევს.
ბრაზილიური გამოცემა იტყობინება, რომ ტიტე კოპა ამერიკისთვის სარეზერვო გუნდს გამოყენებას გეგმავს, რადგან პრიორიტეტული ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატია და ძირითად შემადგენლობას შესარჩევი მატჩებისთვის გამოიყენებს. ამავდროულად, ფიფამ 20 და 17 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი გადადო და "სელესაოს" მწვრთნელს სურს ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შანსი მისცეს.
ბრაზილია მუნდიალის შესარჩევს მარტში, ივნისში, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში ჩაატარებს. კოპა ამერიკა კი 11 ივნისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება.