ავტოსპორტი

5:12 | 25.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარი“ 2022 წლის სეზონზეა ფოკუსირებული

„ფერარი“ ცდილობს, თავი დააღწიოს კრიზისს, რომელიც გასულ სეზონში ჰქონდა. მაგრამ ღიად აცხადებს, რომ მომავალ სეზონშიც მოწინავეთა შორის ყოფნის მოლოდინი არ აქვს. მისი მინიმალური მიზანი, კონსტრუქტორთა პირველობაზე მესამე ადგილის დაკავებაა. მაგრამ გუნდს გაცნობიერებული აქვს, რომ უახლოესი მეტოქეების პროგრესიდან გამომდინარე, ეს რთული ამოცანა იქნება.

გუნდის შეფი მატია ბინოტო ამბობს, რომ მომავალ სეზონში მის გუნდს ასეთი ჩავარდნა არ ექნება, თუმცა დასძენს, რომ არასწორი იქნება, თუ მარანელოელები მთელ ყურადღებას მასზე გადაიტანენ და არა 2022 წელზე, როცა ტექნიკური რეგლამენტი რადიკალურად უნდა შეიცვალოს. ის თვლის, რომ თუ „ფერარი“ 2022 წლის ცვლილებებს კარგად მომზადებული არ შეხვდება, ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწევს.

„ვფიქრობ, 2022 წლის სეზონი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 2021 წლისა. იმიტომ, რომ 2022-ში ახალ ტექნიკურ ეპოქას ვიწყებთ. და თუ 2022-ის დასაწყისში ჩამორჩენა გვექნება, მისი აღმოფხვრა სეზონის მსვლელობისას გაგვიჭირდება. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენთვის მომავალ წელს, მთავარი პრიორიტეტი 2022 წლის სეზონისთვის მზადება იქნება. თუ ჩვენ 2021 წლის მანქანაზე ბევრი მუშაობა მოგვიწევს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ სიტუაცია ძალინ რთულია, ან ელემენტები, რომლებზეც ვიმუშავებთ, 2022 წელს გამოგვადგება“, - ამბობს ბინოტო.

მომავალი სეზონისთვის „ფერარი“ სრულიად ახალ ძრავს ამზადებს. გარდა ამისა, გუნდი მუშაობს აეროდინამიკაზე, რისი მიზანიც, მანქანის წინააღმდეგობის შემცირებაა. მარანელოელები იმედოვნებენ, რომ 2021 წლის მანქანაზე ფოკუსირების მიუხედავად, წინსვლა მომავალ სეზონშიც ექნებათ.

„ვფიქრობ, მომავალი სეზონი უკეთესი გვექნება. მაგრამ დანამდვილებით ვერაფერს იტყვი, სანამ ტრასაზე გახვალ და სხვებთან შედარების საშუალება მოგეცემა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთივე ჩავარდნა არ გვქონდეს, როგორიც გასულ სეზონში გვქონდა. მინიმუმ, უკეთესი პოზიციისთვის ვიბრძოლებთ“, - დასძენს ბინოტო.

0.116566