ლუდის კომპანია „ბუდვაიზერმა“ ძალზე სახალისო და ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო და ყველა იმ მეკარეს, რომლებსაც ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ მაისურით გოლები გაუტანა, საჩუქრად ლუდს უგზავნის.
მესიმ ორი დღის წინ „ბარსას“ რიგებში 644-ე გოლი გაიტანა და პელეს რეკორდი გააუმჯობესა - საქმე ეხება ერთ გუნდის რიგებში გატანილი გოლების რაოდენობას.
ამრიგად, ლუდს საჩუქრად 160 მეკარე იღებს. ყველაზე მეტი ბრაზილიელ დიეგო ალვეშს ერგება, რომელმაც მესისგან 21 გოლი გაუშვა. შემდეგ მოდიან გორკა ირაისოსი (18), ანდრეს ფერნანდესი (17), იკერ კასილიასი (17), დიეგო ლოპესი (14), რობერტო ხიმენესი (13), ივან კუელაარი (13), პაუ ლოპესი (12), ანტონიო მარტინესი (12) ანდრეს პალოპი (12) და ა.შ.
საჩუქარი უკვე ჩაიბარა ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელსაც მესიმ გოლი ორჯერ გაუტანა, ორჯერვე ერთ მატჩში 2017 წლის სექტემბერში. ჯიჯის მესის და „ბუდვაიზერის“ საჩუქარი უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
„მადლობა ლუდისთვის. ამას კომპლიმენტად მივიღებ. ჩვენს შორის საოცარი ბატალიები იყო. ლეო, გილოცავ 644-ე გოლს და რეკორდს, ნამდვილად დაუჯერებელი მიღწევაა. გაუმარჯოს“, - დაწერა ბუფონმა ტვიტერში და „ბუდვაიზერმა“ უპასუხა: „მეფეები მეფეს აღიარებენ“.
სხვათა შორის, ლუდის ქილას მესის ფოტო ამშვენებს და დანომრილია. მაგალითად, ბუფონის ლუდის ქილებს 514 და 515 აწერია, რაც იმას ნიშნავს, რომ მესიმ ჯიჯის კარში „ბარსელონას“ მაისურით რიგით 514-ე და 515-ე გოლები გაიტანა.