კალათბურთი

17:00 | 24.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი მგზავრების კალათში

დღეს გამართული სუპერლიგის მეორე მატჩში ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც დამატებით დროში გაირკვა. ჩემპიონატის აუტსაიდერი, ერთადერთი გამარჯვების მქონე “მგზავრები” ერთ-ერთ მოწინავე “ცხუმ-აფხაზეთს” შეხვდა და ოვერტაიმის ბოლო წამზე წააგო – 83:85 (სტატისტიკა).

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ცხუმელებმა, რომ იტყვიან, ბეწვის ხიდზე გაიარეს. “მგზავრები” მესამე პერიოდში 15 ქულით – 60:45 იგებდა. ბუბა ბერიშვილის გუნდს თამაში მისდიოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკელი ლეგიონერების გარჯა, რომელთა შედეგიანობითაც აუტაიდერ გუნდს სამი პერიოდი სერიოზული პრობლემები არ შექმნია.

ვითარება ბოლო პერიოდში დაიძაბა, რაც “ცხუმ-აფხაზეთის” ახალგაზრდა მოთამაშეების – ალექსანდრე ფევაძისა და ნიკა ჩეჩელაშვილის დამსახურებაა. მათ მხარს კარგად უბავდნენ გამოცდილი ცენტრი გიორგი შარაბიძე და ლეგიონერი ტაილერ გრინი,ხოლო დაცვაში ტრადიციულად საიმედოდ ირჯებოდა ზუკა მაჩალაძე. შედეგად “ცხუმ-აფხაზეთმა” ანგარიშიც გაათანაბრა და ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 6 ქულით – 70:64 დაწინაურდა.

თამაში გადასარჩენი “მგზავრებს” გაუხდა და ჯეიდონ კოჰის, ტროი სტიუარტისა და სოსო გოგნაძის შედეგიანობით ძირითადი დროის ამოწურვამდე ბერიშვილის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. ფრე იყო ოვერტაიმის ბოლო წამებზეც – 83:83. დასრულებამდე 1.7 წამით ადრე ფარქვეშიდან ბურთი ცხუმელებმა შემოიტანეს და ალექსანდრე ფევაძემ, რომელმაც 23 მოხსნით სეზონის რეკორდი დაამყარა, საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვების ბურთი ჩააგდო (ვიდეო).

19 ქულით, 23 მოხსნითა და 3 პასით ფევაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. 22 ქულა დააგროვა ჩეჩელაშვილმა, ხოლო 13 – გრინმა. “მგზავრებში” 24 ქულა ჰქონდა სტიუარტს, 23 – კოჰს, ახალწვეულმა ჯეიდენ ფრედერიკმა კი 17 ქულა, 10 მოხსნა და 4 ჩაჭრა დააგროვა.

GBF.GE

0.115381