ფეხბურთი

2:32 | 23.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთ დღეში დაკარგული 6 ქულა: "იუვენტუსისთვის" წელი მძიმე დარტყმით დასრულდა

ტურინის „იუვენტუსისთვის“ 2020 წელი ისე დასრულდა, უარესად ძნელად წარმოსადგენი იყო. ჯერ იყო და, იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის 14 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება „ნაპოლისთან“ ტექნიკური მოგება/წაგების შესახებ გააუქმა და მერე, „იუვენტუსი“ „ფიორენტინასთან“ შერცხვა.

დიახ, ანდრეა პირლოს გუნდმა ძალზე უსახური ფეხბურთი აჩვენა და დამსახურებულად წააგო. წააგო ისე, რომ შანსიც არ მისცემია და სამი გოლი გაუშვა, თავად შეტევაში ვერაფერი აჩვენა. სხვათა შორის, „იუვე“ 2011 წლის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც „ალიანც სთედიუმზე“ თამაშობს, სერია A-ში პირველად დამარცხდა სამბურთიანი სხვაობით.

ტურინელები ანგარიშში მე-3 წუთზე ჩამორჩნენ, როდესაც ფრანკ რიბერის პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა დუშან ვლაჰოვიჩმა ანგარიში გახსნა. 14 წუთში მასპინძლებმა მორიგი ცივი შხაპი მიიღეს - ხუან კუადრადომ იუხეშა და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე სეზონში ეს ტურინელთა მეხუთე წითელი ბარათია და არცერთ სხვა გუნდს ამდენი გაძევება არ აქვს.

„იუვენტუსმა“ რიცხობრივ უმცირესობაში ვერაფერი დაუპირისპირა ჩეზარე პრანდელის გუნდს და მატჩის ბოლოს ორი გოლი გაუშვა. ორივე დაცვაში კატასტროფული მოქმედების შედეგი იყო - ჯერ ალექს სანდრომ ავტოგოლი გაიტანა, შემდეგ მარტინ კასერესმა, რომელსაც „იუვეში“ არაერთი სეზონი აქვს გატარებული, ანგარიშს კიდევ უფრო სოლიდური სახე მისცა.

„იუვენტუსს“ ძალიან უმძიმს - 13 თამაში, 6 მოგება, 6 ფრე, 1 წაგება და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილი (ოთხშაბათს დიდი ალბათობით უფრო დაქვეითდება). მე-14 ტურში „მილანი“ და „ინტერი“ თუ მოიგებენ, მათთან ჩამორჩენა შესაბამისად, 10 და 9 ქულა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ „იუვენტუსმა“ სეზონში პირველად წააგო (სერია A-ში), მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა.

„ფიორენტინაზეც“ უნდა ვთქვათ - სერია A-ში „იებმა“ 25 ოქტომბრის შემდეგ პირველად იმარჯვეს და დაასრულეს 8-მატჩიანი მოუგებელი სერია. კიდევ ერთი ფაქტი, რაც ტურინელთა კრიზისს ავლენს - „ფიორენტინას“ ამ მატჩამდე სტუმრად 4 თამაში გოლი ვერ გაჰქონდა, მაგრამ მოძულე მეტოქესთან ამ გამარჯვებამ ფლორენციელ ტიფოზებს ყველა ტკივილი დაავიწყა...

„იუვენტუსი“ – „ფიორენტინა“ 0:3 (0:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი (ფრაბოტა 88), ბონუჩი, ალექს სანდრო; რემზი (დანილო 20), ბენტანკური, მაკკენი (კულუშევსკი 72), კიეზა; რონალდუ, მორატა (ბერნარდესკი 46)

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„ფიორენტინა“ (3-5-2): დრაგოვსკი; მილენკოვიჩი, პეცელა, იგორი; კასერესი, ამრაბატი, ბორხა ვალერო (პულგარი 52), კასტროვილი, ბირაგი (ვენუტი 82); ვლაჰოვიჩი (კუამე 74), რიბერი (ბონავენტურა 82)

მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი

გოლი: 0:1 ვლაჰოვიჩი (3), 0:2 ალექს სანდრო (76, ა.გ), 0:3 კასერესი (81)

გაფრთხილება: დანილო (85) - ბირაგი (22), რიბერი (37), ბორხა ვალერო (47), ვენუტი (84)

გაძევება: კუადრადო (17)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 9 (6) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: ფედერიკო ლა პენა

0.246683